შვეიცარიის ნაკრები გააფრთხილეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მათი საწვრთნელი ბანაკის მიმდებარედ გველები ბინადრობენ.
შვეიცარიის ნაკრები სან-დიეგოში ჩავიდა, რათა 13 ივნისს კატართან გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის მოემზადოს. გუნდი უკვე ებრძვის აშშ-ში არსებულ ტენიან და ცხელ ამინდს, რადგან ახალ გარემოს ეჩვევა.
თუმცა, ფეხბურთელებს კიდევ ერთი შემაშფოთებელი პრობლემა შეექმნათ მას შემდეგ, რაც მათი საწვრთნელი ბაზის რუკაზე სპეციალურად აღინიშნა „გველების ზონა“.
შვეიცარიის ეროვნული გუნდის ოფიციალურმა გვედმა გამოაქვეყნა საწვრთნელი კომპლექსის ფოტო, სადაც სხვადასხვა მონაკვეთი იყო მონიშნული. სურათზე ჩანდა მეკარეების სავარჯიშო ტერიტორია მოედნის უკანა მხარეს.
ასევე აღნიშნული იყო გასახდელების ზონა, რომელიც სპორტდარბაზის უკან მდებარეობდა. თუმცა, შვეიცარიის ანგარიშმა ბევრი გულშემატკივარი გააოცა, როდესაც საწვრთნელი მოედნის გარშემო დიდი ტერიტორია „გველების ზონად“ მონიშნა.

საფრთხის შემცველი ტერიტორია მუქი წითელი ზოლებით იყო გამოყოფილი და წარწერა იუწყებოდა: „ფრთხილად იყავით გველებთან.“
სან-დიეგოს ბუნების ისტორიის მუზეუმის ინფორმაციით, რეგიონში 4 სახეობის შხამიანი ჩხრიალა გველი ბინადრობს. ქალაქში ყველაზე გავრცელებული სახეობა არის შხამიანი ჩხრიალა გველი Crotalus helleri.
შვეიცარია ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ბანაკში გველებისგან თავის დაცვა უწევს.
ნორვეგიის ნაკრებიც გააფრთხილეს საშიში ქვეწარმავლების შესახებ, როდესაც ისინი ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, გრინსბოროში მდებარე Grandover Resort & Spa-ში დაბინავდნენ.
ერლინგ ჰალანდსა და მის თანაგუნდელებს ურჩიეს, რომ გველები არ „გააღიზიანონ“, რადგან ისინი გრინსბოროს ტერიტორიაზე „ძალიან გავრცელებულები არიან.“ ნორვეგიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ტორსტვედტმა განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის მოსმენა „სასიამოვნო ნამდვილად არ იყო.“
შვეიცარიელები 18 ივნისს ბოსნიასა და ჰერცეგოვინას შეხვდებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 24 ივნისს კანადასთან მატჩით დაასრულებენ.
რაც შეეხება ნორვეგიას, ისინი 16 ივნისს შედარებით სუსტ მეტოქედ მიჩნეულ ერაყს დაუპირისპირდებიან, შემდეგ კი 23 ივნისს სენეგალს და 26 ივნისს ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს - საფრანგეთს შეხვდებიან.