კოლბი კოვინგტონი RAF-ის ისტორიაში პირველი კროსოვერ ჩემპიონი გახდა.
მილუოკიში, კოლბი კოვინგტონი არმან ცარუკიანს RAF-ის ისტორიაში პირველი კროსოვერ ჩემპიონის ტიტულისთვის დაუპირისპირდა.
NCAA Division I-ის ყოფილმა მოჭიდავემ საკუთარი მაღალი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა და მძიმე, დაძაბულ ბრძოლაში ცარუკიანს აჯობა.
ცარუკიანი შეხვედრის დაწყებისთანავე ვისკონსინის გულშემატკივრების გულის მოგებას შეეცადა და არენაზე ტრადიციული Cheesehead-ის ქუდით გამოვიდა.
კოვინგტონი ფიზიკურად აშკარად უფრო დიდი იყო, თუმცა ცარუკიანს ეს საერთოდ არ შეუშინებია და თავიდანვე აქტიურად შეუტია.
ორივე სპორტსმენი კლინჩში ხშირად შედიოდა, თუმცა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა, იყენებდნენ snap down-ებსა და arm drag-ებს.
პირველი რაუნდის ბოლოს ცარუკიანმა ცალი ფეხის იერიში სცადა, მაგრამ კოვინგტონმა waist wrap-ით ეფექტურად უპასუხა, მეტოქე ძირს გადაიყვანა და ანგარიშში 3:0 დაწინაურდა, რასაც მანამდე მოპოვებული shot clock-ის ქულაც დაემატა.
კოვინგტონი დაცვაში მეორე რაუნდშიც ძალიან საიმედო იყო, თუმცა ამჯერად ცარუკიანმა გაცილებით სუფთა ცალი ფეხის იერიში შეასრულა, მეტოქე ჰაერში ასწია და გდებაც დააფიქსირა, რადგან კოვინგტონმა პოზიციის დათმობა ამჯობინა, რათა დამატებითი ქულები არ დაეკარგა.
ბრძოლის განახლების შემდეგ კოვინგტონმაც სცადა საკუთარი ტეიკდაუნი, მაგრამ საინტერესო გაცვლების შემდეგ ცარუკიანმა ქულების დაკარგვა ძლივს აიცილა.
თუმცა, როგორც პირველ რაუნდში, პერიოდის მიწურულს ცარუკიანის კიდევ ერთი წარუმატებელი იერიშით კოვინგტონმა ისარგებლა, ეფექტურად დაიცვა თავი, კონტროლი მოიპოვა და კიდევ 2 ქულა ჩაიწერა.
მესამე რაუნდის წინ ცარუკიანი სამქულიანი ჩამორჩენით გადიოდა და შესაბამისად ბევრად უფრო აგრესიულად დაიწყო ბრძოლა.
მისმა მუდმივმა შეტევებმა კოვინგტონი shot clock-ის წესის დარღვევამდეც მიიყვანა, თუმცა ცარუკიანმა მაინც ვერ მოახერხა მისი მტკიცე დაცვის გარღვევა.
ის განუწყვეტლივ ცდილობდა გდების შესრულებას, მაგრამ კოვინგტონი ყოველ ჯერზე ეფექტურად იგერიებდა შეტევებს და საბოლოოდ 5:3 გაიმარჯვა, რითაც არმან ცარუკიანს RAF-ში პირველი მარცხი აგემა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ კოვინგტონმა ცარუკიანზე ძალიან დადებითად ისაუბრა და განაცხადა, რომ დარწმუნებულია, უახლოეს მომავალში ის UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდება.
შემდეგ კი საკუთარი ახალი ტიტულის შესაძლო მეტოქეებიც დაასახელა, რომელთა შორის ბელალ მუჰამადი და ხამზატ ჩიმაევიც იყვნენ.