სამშაბათს საღამოს ლიონელ მესი არგენტინის ნაკრების მაისურით თავის უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს.
ალბისელესტეს ლეგენდარული კაპიტანი ბენინის წინააღმდეგ სპეციალური, გამოსათხოვარი ოქროსფერი მაისურით ითამაშებს. მესი ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონის რანგში და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის (125 გოლი) სტატუსით ტოვებს.
არგენტინისთვის ახლა მთავარი კითხვაა - ვინ მოირგებს იმ მაისურს, რომელსაც მარადონა და მესი ატარებდნენ? ექსპერტები ეროვნულ გუნდში რამდენიმე მთავარ კანდიდატს გამოყოფენ.
უსაფრთხო არჩევანი: ხულიან ალვარესი
მადრიდის ატლეტიკოს თავდამსხმელი და მსოფლიო ჩემპიონი ყველაზე გამოცდილი კანდიდატია. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მან მესის პოზიციაზე არაერთხელ ითამაშა და გუნდს ბრწყინვალედ დაეხმარა, თუმცა ალვარესი უფრო გამოკვეთილი თავდამსხმელია და არა კლასიკური ფლეიმეიქერი.
ყველაზე მიახლოებული სტილი: ნიკო პასი
იტალიურ კომოში მოთამაშე 22 წლის ფეხბურთელი სათამაშო სტილით მესის ყველაზე მეტად ჰგავს. ის ტექნიკური, შემოქმედებითი ცაციაა, რომელსაც თამაშის სურათის წამებში შეცვლა შეუძლია. საგულისხმოა, რომ პასის ინტელექტი მოედანზე თავად ლიონელ მესიმ არაერთხელ შეაქო.
ამომავალი ვარსკვლავი: ფრანკო მასტანტუონო
19 წლის შემტევი, რომელიც ამჟამად ფიორენტინაში თამაშობს, უდიდესი პოტენციალის მქონეა. მას მესის მსგავსად ფლანგიდან ცენტრისკენ შემოწევა უყვარს და ერთხელ უკვე მოირგო ნაკრების 10 ნომერი ეკვადორის წინააღმდეგ, რითაც დიეგო მარადონას რეკორდიც კი მოხსნა.
ალტერნატივა: ტიაგო ალმადა
მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ ფეხბურთში თავი ვერ დაიმკვიდრა და ამჟამად რივერ პლეიტში თამაშობს, 25 წლის ალმადა ლიონელ სკალონის ერთ-ერთი ფავორიტია და ტაქტიკური თვალსაზრისით გუნდისთვის საკმაოდ სასარგებლო ვარიანტს წარმოადგენს.
ფაქტი ერთია, მესის პირდაპირი მემკვიდრის პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელია. არგენტინის ნაკრებს ტაქტიკური ევოლუცია და გუნდური პასუხისმგებლობის გადანაწილება დასჭირდება, რათა ამ უდიდესი დანაკლისის შემდეგაც ელიტარულ საფეხბურთო ძალად დარჩეს. დეკემბერში სკალონის კონტრაქტიც იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ არგენტინული ფეხბურთისთვის მართლაც ახალი, გამოწვევებით სავსე ეპოქა იწყება.