მსოფლიო ჩემპიონატის მეორე 1/16 ფინალში ბრაზილიამ იაპონია 2:1 დაამარცხა.
როგორც მოსალოდნელი იყო, იაპონია მძიმე მეტოქე აღმოჩნდა და პენტაკამპეონებს ნამდვილი ბრძოლის გადატანა მოუწიათ. 29-ე წუთზე სანოს გოლით იაპონიამ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო და ტექსასში სენსაციის სუნი დააყენა.
მეორე ნახევარში ბრაზილიამ ძალები ხელში მოიკრიბა და ანგარიში 56-ე წუთზე კაზემიროს თავურით გაათანაბრა, რომელსაც პირველ ტაიმში თამაში საერთოდ არ მისდიოდა და შეიძლება ითქვას, ამ გოლით გამოსწორდა კიდეც.
მიუხედავად დიდი სათამაშო უპირატესობისა, ბრაზილია გადამწყვეტი გოლის გატანას ვერ ახერხებდა და თითქოს, ექსტრა-ტაიმს წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა, თუმცა, ბოლოსწინა კომპენსირებულ წუთზე გაბრიელ მარტინელიმ ბრუნო გიმარაეშის საუცხოო პასით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.
სხვათაშორის, ბრუნოსთვის ეს მიმდინარე მუნდიალზე მე-4 საგოლე პასია და ის საგოლე პასების რაოდენობით ჩემპიონატის ლიდერიც გახდა.
ბრაზილიამ კი მძიმე გამარჯვება მოიპოვა და 1/8 ფინალში გავიდა, სადაც ნორვეგიასა და კოტ'დიუვარს შორის გამარჯვებულს 5 ივლისს დაუპირისპირდება.