-
Aa
+
ფონტის ზომა
„ბრაზილიური ფეხბურთი მუსიკაზე აწყობილი რამაა“, – ეს სიტყვები სკანდალურ, იმპულსურ და ექსცენტრიკულ ნოვატორს, ბრაზილიელ ჟურნალისტსა და მწვრთნელს, ჟოაო სალდანიას ეკუთვნის – კაცს, რომელიც 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ „სელესაოს“ მთავარი მწვრთნელის, კლაუდიო კოუტინიოს მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი და როგორც აღმოჩნდა, მართალიც იყო: კოუტინიო პრაქტიკულად ფიზმომზადების მწვრთნელი იყო, რომელიც აქცენტს ფიზიკურ კონდიციებსა და ბევრ სირბილზე აკეთებდა, ტაქტიკისა კი ბევრი არაფერი გაეგებოდა…
თავად სალდანია 1969-დან 1970 წლამდე იყო ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იქამდე სანამ გუნდს მარიო ზაგალო ჩაიბარებდა და მექსიკაში გამართულ მსოფლიო პირველობას ბრწყინვალე სტილში მოიგებდა.
1982 წლის მუნდიალისთვის კი ბრაზილიის ნაკრებს მწვრთნელად ტელე სანტანა დაუნიშნეს – კაცი, რომელიც ბრაზილიური ფეხბურთის ეთოსსა და გულშემატკივრების სურვილებს გაცილებით უკეთ გრძნობდა: ეს იყო შემტევი ფეხბურთი, ლამაზი, პირწმინდა და მარტივი – ზუსტად ისეთი, რომელმაც 1970 წელს ოქროს თასი ბრაზილიას მესამედ არგუნა.
სანტანამ პირობა დადო და შეასრულა კიდეც, რომ ესპანეთში ბრაზილია შეტევაზე ორიენტირებული გუნდი იქნებოდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მას არ ჰყავდა თავდამსხმელები: ნიჭიერი ახალგაზრდა ცენტრფორვარდი რეინალდო, რომელმაც ოთხი წლით ადრე არგენტინაში თავის გამოჩენა მოახერხა, კვლავ ტრავმირებული იყო, კიდევ უფრო ახალგაზრდა, 21 წლის კარეკასაც დაზიანება აღმოაჩნდა და ესპანეთში ჩასვლის შემდეგ მალევე შინ გაუშვეს. კარეკას შემცვლელად ბრაზილიელთა თავკაცმა რობერტო დინამიტე იხმო, რომელსაც ზურგს ასევე უმაგრებდა წინა მუნდიალის გამოცდილება და გოლები.
ტელე სანტანა ერთგვარი იდეალისტი იყო, რომელიც ძალადობრივ თამაშს გმობდა, მაგრამ მთავარი უიღბლობა ის იყო, რომ მისი გუნდი შემტევი, თუმცა არაბალანსირებული აღმოჩნდა. ნახევარდაცვაში „კანარინიოს“ არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავდა: სოკრატესი, ზიკო, ფალკაო, ტონინიო სერეზო, დირსეუ, პაულო ისიდორო… მაგრამ იბადებოდა კითხვა – ვის უნდა ემოქმედა წინა ხაზში?!
როდესაც ზიკომ ჩემპიონატის წინ არგენტინას „ერთი კაცის გუნდი“ უწოდა, ზუსტად იმ ერთმა კაცმა, დიადმა დიეგო მარადონამ, მოკლედ უპასუხა, რომ სამაგიეროდ ბრაზილიას საერთოდ არ ჰყავდა ფორვარდები, რაც ფაქტობრივად სრული სიმართლე იყო – ტელე სანტანა ესპანეთში მხოლოდ ორი თავდამსხმელით ჩავიდა, ვინგერ ედერს ხომ ნომინალური ფორვარდი უფრო ეთქმოდა და პრაქტიკულად მარცხენა შემტევ ნახევარმცველს წარმოადგენდა.
ძირითადში გამწესებულ „სან პაულოს“ 28 წლის ტანმაღალ ცენტრალურ თავდამსხმელს, 9 ნომერ სერჟინიოს მუნდიალზე საგოლე მომენტები უხვად ჰქონდა, მაგრამ „კანარინიოს“ საპირწონე იგი ნამდვილად არ იყო...
„როცა სერჟინიო თამაშობს, გეფიცებით, ბურთი კვადრატულია!“, – წუწუნებდა სკეპტიკოსი ჟოაო სალდანია.
... მაგრამ ნახევარდაცვა? პაულო რობერტო ფალკაომ, რომელიც არგენტინაში გამართული ჩემპიონატისას 24 წლის იყო, კლაუდიო კოუტინიოს 1978 წლის სამუნდიალე შემადგენლობაში ადგილი ვერ იპოვა, რადგან მას როგორც წესი, „არა-ბრაზილიურად“ თვლიდნენ – ფალკაოს ხომ ბურთის გამორჩეულად ფლობას ერჩივნა, პასები ეძლია პარტნიორებისთვის, თუმცა სამშობლოში „ლიდერად დაბადებულ პერფექციონისტს“ მაინც უწოდებდნენ. პორტუ ალეგრის „ინტერნასიონალში“ თავის გამოჩენის შემდეგ, 1980 წელს, ფალკაო იტალიურ „რომაში“ გადაბარგდა. ტელე სანტანამ მას ჩემპიონატისწინა ტურნეს დროს მისცა შანსი, რადგან იცოდა, რომ სერეზო მუნდიალის გახსნით მატჩში დისკვალიფიცირებული იქნებოდა. ფალკაომ შანსი გამოიყენა და ბრაზილიის ნაკრების მის გარეშე წარმოდგენაც უმალ შეუძლებელი გახდა.
გუნდის კაპიტანი იყო „კორინთიანსის“ 28 წლის დაუღალავი ლიდერი სოკრატესი, ამპლუით მარცხენა გარემარბი, რომელსაც ფეხბურთელისთვის ისეთი მავნე ჩვევები, როგორებიც ლუდის სმა და სიგარეტის წევაა, ხელს არაფერში უშლიდა. უმაღლესი სათამაშო კლასის მქონე „დოქტორი სოკრატესი“ ბურთს ფლობდა უნაკლოდ, გადაცემებს ანაწილებდა გონივრულად, დარბაისლურად უფრო გადაადგილდებოდა, ვიდრე დარბოდა და თამაშობდა მოედნის ყველა ნაწილში.
„თეთრ პელედ“ მონათლულ ზიკოს, ამ ბრწყინვალე შემტევ ნახევარმცველს, ბრაზილიაში „ლაბორატორიაში შექმნილს“ ეძახდნენ. ტანმორჩილი 10 ნომერის ბურთთან მუშაობის ტექნიკა უდავოდ გამორჩეული იყო, მისი დარტყმები კი შედეგიანი.
ჯგუფური ეტაპის მარტივად დაძლევის (3 მოგება, 10 გატანილი და 2 გაშვებული გოლი) შემდეგ, ტელე სანტანას გუნდი უცნაური ფორმატის მქონე ტურნირის მეორე ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა. ბრაზილია ქალაქ ბარსელონაში გასამართ სამგუნდიან ჯგუფში აღმოჩნდა ძლიერ მეტოქეებთან – მოქმედ ჩემპიონთან, ანუ მთავარ კონკურენტ არგენტინასა და იტალიის ნაკრებთან ერთად. საერთო მოსაზრებით, ეს ჯგუფი სხვა სამთან შედარებით გაცილებით რთული და შესაბამისად, დრამატულიც იყო – იქ ხომ სამი ჩემპიონი ქვეყნის გუნდი და 1982 წლის მუნდიალის სამი ფავორიტი იყო ერთად მოხვედრილი, საიდანაც მხოლოდ ერთი გავიდოდა საუკეთესო ოთხეულში…
პირველი თამაში არგენტინელებთან შედგა, რომლებიც თავის მხრივ, იტალიასთან მძიმე ბრძოლაში 1:2 დამარცხდნენ. ბრაზილია მალე დაწინაურდა, როდესაც საჯარიმო დარტყმიდან ედერის ცაციით გასროლილი ბურთი უბალდო ფილოლის კარის ჩარჩოს მოხვდა და დამატებაზე ზიკომ გაიტანა, თუმცა „კანარინიოს“ დაახლოებით ერთი საათი დასჭირდა იმისთვის, რომ მოედანზე დომინანტები გამხდარიყო. ბრაზილიელთა ნაქებმა შუა ხაზმა თამაშის კონტროლი ხელში ნელ-ნელა აიღო: ზიკოს მიერ გაკეთებულმა კარგმა გადაცემამ ფალკაო მარჯვენა ფლანგზე გაიყვანა, მისი ჩაწოდებული კი სერჟინიომ, რომელიც ჰაერში უფრო საშიში იყო ვიდრე მიწაზე, თავით გაიტანა. ზიკოს კიდევ ერთმა საოცარმა საგოლე პასმა მარცხენა მცველ ჟუნიორს საშუალება მისცა მესამე გოლი გაეფორმებინა. ზიკოზე უხეშობისთვის გასაძევებელი იყო არგენტინელთა კაპიტანი დანიელ პასარელა, მინდვრიდან კოჭლობით გასული ბრაზილიელი ათიანის ნაცვლად კი თამაშში ბატისტა ჩაერთო, რომელსაც უაღრესად გაღიზიანებულმა და იმედგაცრუებულმა მარადონამ წიხლი უთავაზა და წითელი ბარათით დაისაჯა. საფინალო სასტვენამდე გატანილი რამონ დიასის ლამაზი გოლი არგენტინული მხარისთვის პრესტიჟისღა იყო…
და აი, დადგა ბრაზილია-იტალიის კლასიკური სამუნდიალე დაპირისპირების დროც. ბრაზილია აშკარა ფავორიტი იყო, მაგრამ სანტანას გუნდს პაოლო როსის ფაქტორი დაავიწყდა, რომელმაც სწორედ სამგზის მსოფლიო ჩემპიონებთან გაამართლა იტალიელი ტიფოზების იმედები. არადა პირველ ეტაპზე ჩატარებული ცუდი თამაშების შემდეგ, „აძურის“ ფორვარდისგან ბრწყინვალე პერფორმანსს ბევრი არ ელოდა…
როსიმ სტარტიდან ხუთ წუთში გაიტანა, აჯობა რა ბრაზილიის დაცვის ხაზს და ანტონიო კაბრინის ჩაწოდებული ბურთი თავით კარში გადაგზავნა. „სელესაომ“ სოკრატესის გოლით მალევე გაათანაბრა, როდესაც კლაუდიო ჯენტილეს სასტიკი მეურვეობის ქვეშ მარადონას მსგავსად მოქცეული ზიკო მეტოქეს გასცდა და გუნდის კაპიტანს ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა.
25-ე წუთზე ტონინიო სერეზოს დაუდევრობამ, როდესაც მან ჟუნიორისკენ უზუსტო პასი გააკეთა, პაოლო როსის საშუალება მისცა, იტალია კვლავ წინ გაეყვანა. ბრაზილიამ მეორე ტაიმის შუაში საჯარიმოს გარედან ფალკაოს ძლიერი დარტყმულით გაათანაბრა და უამრავი ადამიანი დარწმუნდა, რომ ტელე სანტანას გუნდი, რომელსაც ფრეც აძლევდა ხელს ნახევარფინალში გასასვლელად, თამაშს სასურველი შედეგით დაასრულებდა.
სანტანამ სერჟინიოს ნაცვლად პაულო ისიდორო ჩართო თამაშში, ჟოაო სალდანიამ კი პრესლოჟაში შვებით ამოისუნთქა – ახლა კი ბურთი ისევ მრგვალიაო…
მაგრამ იტალიის ნაკრების 40 წლის კარის დარაჯი დინო ძოფი თავდაჯერებული იყო, მაისურშემოხეული ზიკოს თამაში ნელ-ნელა ქრებოდა, იტალიელი პლეიმეიკერი ჯანკარლო ანტონიონი კი სულ უფრო და უფრო ეფექტური ხდებოდა.
მატჩის 75-ე წუთზე პრინციპული ჯახის ბედი გადაწყდა: იტალიელებმა კუთხურის მოპოვება შეძლეს და როდესაც სამხრეთ ამერიკელებმა ბურთი სანახევროდ მოიგერიეს, მარკო ტარდელიმ ტყავის სფერო ისევ საჯარიმოში დააბრუნა, იქ კი კვლავაც როსისთან აღმოჩნდა, რომელმაც გამარჯვების გოლი შეაგდო.
იტალიელი ვარსკვლავის შესრულებული ჰეთ-თრიქი, მის საგოლე ალღოსა და სწრაფი მოძრაობების შედეგთან ერთად, ბრაზილიელების სავალალო შეცდომებით გამოწვეული ფაქტიც იყო: ფალკაოს გოლის შემდეგ ტელე სანტანამ საკუთარ სტილს არ უღალატა, ლაღ ფეხბურთზე უარი არ თქვა და თამაში არ ჩაკეტა, მეკარე ვალდირ პერესსა და მცველებს ლაფსუსები ჰქონდათ, გუნდმა კი ჯამში მეტოქე არასათანადოდ შეაფასა.
1982 წლის უძლიერეს და ულამაზეს ნაკრებად შერაცხული ბრაზილია დამარცხდა და უთვალავი ქომაგისთვისაც სწორედ ამ მომენტში, ტურნირის საუკეთესო გუნდის ფიასკოთი დასრულდა ესპანური მუნდიალი, რომლის ტრიუმფატორიც აბსოლუტური უმრავლესობის თვალში, სწორედ ტელე სანტანას დამოძღვრილი ბრწყინვალე, მაგრამ როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, დაუბალანსებელი ნაკრები უნდა გამხდარიყო – გუნდი, რომელსაც ფეხბურთელ ჟუნიორის ნამღერი ჰანგების გმირ პატარა ყვითელი კანარის ჩიტივით უნდა ეფრინა მსოფლიოს თავზე…

პაატა ჩახვაშვილი
კომენტარები

