ლიონში შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ, 18 წლის ენდრიკს პირველი ჩავარდნა აქვს.
კვირას, თბილისის დროით 23:45 საათზე, ლიონი პარიზს მასპინძლობს, პაულო ფონსეკა კი ცდილობს ახალგაზრდა ბრაზილიელი ზედმეტი კრიტიკისგან დაიცვას. როგორც L'Équipe წერს, ახლა მთავარი განხილვის თემა ფეხბურთელის გადაღლილობა და ადაპტაციის პროცესია.
ენდრიკმა მარსელთან მოგებულ მატჩში (3:2) ყველა აღაფრთოვანა, თუმცა ბოლო შეხვედრებში მისი თამაში აშკარად ისეთი ძლიერი აღარ იყო. სტრასბურთან მარცხისა (1:3) და ლანსთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩების შემდეგ, სადაც ლიონი საფრანგეთის თასს პენალტების სერიაში გამოეთიშა, ენდრიკის მიმართ კითხვები გაჩნდა.
ბრაზილიის ნაკრების ფორვარდს ლიონურ კარიერაში უკვე 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი დატვირთვა საგრძნობლად გაიზარდა: მან ბოლო 10 მატჩიდან 9 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე საშუალოდ 84 წუთს ატარებს. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში გადმოსვლამდე, რეალ მადრიდში გატარებულ ბოლო 6 თვეში, მას ჯამში მხოლოდ 99 წუთი ჰქონდა ნათამაშები.
ლანსთან მატჩში ენდრიკს მუდმივად მცველების ზურგს უკან გახსნას სთხოვდნენ, თუმცა ის ბურთს უფრო მეტად „ფეხში“ ითხოვდა, რის გამოც მეტოქის მცველებმა მისი განეიტრალება ადვილად შეძლეს. როდესაც ბურთი მასთან იშვიათად მიდიოდა, ბრაზილიელი იძულებული ხდებოდა პოზიცია დაეტოვებინა, რამაც გუნდური თამაშის რიტმი დაარღვია. ამასთანავე, ხუთშაბათის შეხვედრაში აშკარა იყო, რომ ენდრიკს ბურთის ფლობისას თუ დაგვირგვინებისას ჩვეული სიზუსტე აკლდა.
პაულო ფონსეკამ აღნიშნა, რომ წამყვანი მოთამაშეების ტრავმების გამო, მას იარემჩუკისა და ენდრიკის რესურსის ძალიან ფრთხილად გადანაწილება უწევს. მწვრთნელმა მოუწოდა ყველას, რომ 18 წლის ბიჭს უფრო რეალისტურად შეხედონ: მისი თქმით, არასწორია მოლოდინი, რომ ენდრიკი ყველა მატჩის ბედს მარტო გადაწყვეტს და გუნდის ყველა პრობლემას მოაგვარებს.