ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში ჩემპიონობისთვის მებრძოლმა არსენალმა ემირეითსზე ფულემი მიიღო.
მასპინძლებმა ანგარიში მალევე გახსნეს. მე-9 წუთზე, მარჯვენა ფლანგზე ბუკაიო საკას ეფექტური თამაშისა და საჯარიმოში გამწოლი პასის შემდეგ გოლი ვიქტორ გიოკერესმა გაიტანა.
ტაიმის ბოლოს არტეტას გუნდმა კიდევ 2 გოლის გატანა შეძლო. მე-40 წუთზე მოთამაშეებმა როლები გაცვალეს და ამჯერად შვედის პასის შემდეგ ინგლისელმა შემტევმა აიღო მეტოქის კარი.
ტაიმის კომპენსირებულ დროში კი გიოკერესმა დუბლის შესრულება შეძლო და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. მეორე ტაიმში ტაბლოზე ანგარიში აღარ შეცვლილა და არსენალმა დამაჯერებლად 3-0 იმარჯვა.
მიკელ არტეტას გუნდს ცხრილში 76 ქულა დაუგროვდა და მანჩესტერ სიტის 6 ქულით უსწრებს, თუმცა ქალაქელებს 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მნიშვნელოვანია გოლების სხვაობაც, რომელიც არსენალს 4 ბურთით უკეთესი აქვს.