გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში უკვე გაჩემპიონებულმა მიუნხენის ბაიერნმა ალიანც არენაზე დარჩენისთვის მებრძოლი ჰაიდენჰაიმი მიიღო.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მოედანზე 81 წუთი გაატარა და გამორჩეული მატჩიც ჩაატარა.
პირველ ტაიმში წინ სტუმრები გავიდნენ. 22-ე წუთზე ჰაიდენჰაიმი სწორედ ბუდუ ზივზივაძემ გაიყვანა, 31-ე წუთზე კი ერენ დინკჩიმ სხვაობა ორამდე გაზარდა.
თუმცა ტაიმის ბოლოს ლეონ გორეცკამ ერთი ბურთი გაქვითა და შესვენებაზე გუნდები ერთბურთიანი სხვაობით გავიდნენ (1-2).
მეორე ტაიმის დასაწყისში ვინსენ კომპანიმ ოთხმაგი ცვლილება გააკეთა და თამაშში ის ლიდერები ჩართო, რომელიც სათადარიგო სკამზე დაასვენა.
57-ე წუთზე ლეონ გორეცკამ უკვე დუბლი შეასრულა და ანგარიშიც გათანაბრდა, თუმცა 76-ე წუთზე კონტრშეტევაზე წასულმა ბუდუ ზივზივაძემ ჯერ მაიკ ოლისე მოატყუა ბრწყინვალედ და შემდეგ ურბიგის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.
ჰაიდენჰაიმი 3 ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კომპენსირებული დროის მე-10 წუთზე ოლისეს დარტყმის შემდეგ ბურთი ძელიდან სტუმართა მეკარეს მოხვდა და ავტოგოლით წონასწორობა აღდგა.
საბოლოოდ ჰაიდენჰაიმმა ქულა მოიპოვა და 23 ქულით ბუნდესლიგის ცხრილში კვლავ ბოლო ადგილზეა, პლეიაუტის ზონაში მყოფ ზანკტ პაულისთან კი სხვაობა 3 ქულაა.
რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ქართველმა თავდამსხმელმა გოლი ბუნდესლიგის ზედიზედ მე-4 მატჩში გაიტანა, სულ კი ბოლო 4 შეხვედრაში 5 გოლი დააგროვა.