სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
18 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
როგორც მოგახსენეთ, მანჩესტერი ახლოსაა ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელად ლისაბონის სპორტინგის მწვრთნელის, რუბენ ამორიმის დანიშვნასთან.
ამ სტატიაში შევეცდებით, უკეთ მოგახსენოთ, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს აღნიშნული სპეციალისტი.
საფეხბურთო კარიერა ამორიმს დიდად წარმატებული არ ჰქონია - კარიერა მან 2003-ში ბელენენსეშში დაიწყო და იქ 2008 წლამდე დარჩა, რის შემდეგაც პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველი 1 მილიონ ევროდ ბენფიკას შეუერთდა.
ლისაბონური კლუბის საკუთრებაში ამორიმი 2017 წლამდე იყო, თუმცა ორჯერ კლუბი იჯარით დატოვა - 2012-ში ბრაგაში გადავიდა, 2015-ში კი ალ ვაკრაჰში. ბევრად უკეთესი სიტუაცია არც ნაკრებში ყოფილა, რომლის მაისურითაც მან მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა და ვერცერთი გოლი ვერ გაიტანა. ერთადერთი თამაში დიდ ტურნირზე მას 2014 წლის მსოფლიოზე, განასთან ჰქონდა, რომელიც პორტუგალიამ 2:1 მოიგო, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა. ამორიმმა ის მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა.
საბოლოოდ, 2017-ში მან საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა და 2018-ში პორტუგალიური კაზა პია ჩაიბარა.
2019-ში მას ბრაგას მეორე გუნდი ანდეს, საიდანაც იმავე წელს პირველ გუნდამდე დააწინაურეს, რომელთან ერთადაც მან მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა (10 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და 2-ჯერ დამარცხდა, გზად პორტუგალიის ლიგის თასის მოგებაც მოასწრო) და იმდენად მოახდინა შთაბეჭდილება ლისაბონის სპორტინგის ხელმძღვანელობაზე, რომ მათ ახალგაზრდა მწვრთნელში (იმდროისთვის მხოლოდ 35 წლის იყო) 10 მილიონი ევროც არ დაინანეს.
კაცმა, რომელიც თითქმის მთელი საფეხბურთო კარიერა ბენფიკას საკუთრებაში გაატარა, ჩაიბარა არწივების მთავარი მტერი, ლისაბონის სპორტინგი, რომელთან ერთადაც როგორც მწვრთნელმა თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა. თავის პირველივე სრულ სეზონში, ამორიმმა სპორტინგი 20 წლის შემდეგ პირველად გააჩემპიონა და გზად პორტუგალიის ლიგის თასიც მოიგო, რომელზეც ტრიუმფი მეორე სეზონშიც გაიმეორა.
ჯამში, ამორიმს დღეის მონაცემებით სპორტინგის სათავეში 237 მატჩში აქვს ნამუშევარი, რომლებშიც მისმა გუნდმა 170 გამარჯვება მოიპოვა, 34 ფრე ითამაშა და 33-ჯერ დამარცხდა. მისმა გუნდმა 514 გოლი გაიტანა და მხოლოდ 194 გაუშვა.
რუბენ ამორიმი 9-ჯერ გახდა პორტუგალიის პრიმეირა ლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელი, 2021-ში და 2024-ში კი სეზონის საუკეთესო მწვრთნელადაც დაასახელეს.
39 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის საყვარელი ფორმაცია 3-4-3-ია, რომლითაც მან მთავარ სამწვრთნელო წარმატებებს მიაღწია. ამორიმის ეს წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩა ევროპული გრანდებისთვის და მისთვის სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა, რომელსაც, როგორც ჩანს, მანჩესტერი იგებს (იწერებოდა, რომ ამორიმს კლოპის შემცვლელად გასულ ზაფხულს ლივერპული მოიაზრებდა, თუმცა სპორტინგს ფინანსურად ვერ შეუთანხმდა. გარდა ამისა, ისიც დაიწერა, რომ მან სიტიმ პორტუგალიელი გვარდიოლას სავარაუდო შემცვლელთა სიაში მოინიშნა).
მწვრთნელი რუბენ ამორიმის მიღწევებს ცალკეც ჩამოგიწერთ:
ბრაგა: 2019/20 სეზონის პორტუგალიის თასის გამარჯვებული
სპორტინგი: პორტუგალიის ჩემპიონი 2020/21, 2023/24, პორტუგალიის თასის მფლობელი 2020/21, 2021/22, ფინალისტი 2022/23
პორტუგალიის სუპერთასის გამარჯვებული: 2021
ინდივიდუალური ჯილდოები
პორტუგალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელი (9): თებერვალი 2021, აპრილი 2021, ოქტომბერი 2021, ნოემბერი 2021, სექტემბერი 2023, დეკემბერი 2023, იანვარი 2024, მარტი 2024, აგვისტო 2024.
პორტუგალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი (2): 2021, 2024.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები