-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპის მთავარ სცენაზე თამაში შემოსავლის რამდენიმე წყაროს აჩენს: კლუბებს შორის ჯამში 2.1 მილიარდ გირვანქაზე მეტი ნაწილდება. ეს თანხა მოიცავს ე.წ. „სასტარტო ბონუსს“ - 16.2 მილიონ გირვანქას თითოეული მონაწილისთვის, ასევე შედეგებზე დაფუძნებულ ფიქსირებულ გადახდებსა და ტელეტრანსლაციებიდან მიღებულ წილს.
გამოცემა Football365-მა წარმოადგინა ჩამონათვალი იმისა, თუ რამდენი გამოიმუშავა თითოეულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ციფრები ასახავს მხოლოდ საპრიზო ფონდს და მასში არ შედის ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თუ სხვა დამატებითი შემოსავლები.
ტოტენჰემმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ევროპა ლიგის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედის დამარცხებით მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ჩემპიონატში მე-17 ადგილზე გასვლის გამო ბევრი მათ კრიტიკულად უყურებდა, ლონდონელებმა ლიგის ფაზაში მეოთხე ადგილი დაიკავეს და მერვედფინალამდე მიაღწიეს, რამაც მათ ბიუჯეტს სოლიდური თანხა შემატა.
არისტოკრატებმა ლიგის ფაზა საკმაოდ თავდაჯერებულებმა განვლეს, ხუთი გამარჯვება მოიპოვეს და მეექვსე ადგილით პირდაპირ მერვედფინალში მოხვდნენ. თუმცა, იქ მათ მოქმედი ჩემპიონი, პსჟ შეხვდათ, რომელთანაც უშანსოდ დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.
პეპ გვარდიოლას გუნდმა, რომელმაც 2023 წელს ნანატრი ტრებლი შეასრულა, წლევანდელი ლიგის ფაზა სტაბილურად ჩაატარა. თუმცა, ქალაქელებისთვის გადაულახავი ბარიერი მადრიდის რეალი აღმოჩნდა, მერვედფინალურ ეტაპზე მარცხმა მათ უფრო მეტი ფულის გამომუშავების შანსი დაუკარგა.
ლამინ იამალის, რაფინიასა და პედრის ბარსელონასგან ბევრს ელოდნენ და კატალონიელებმა მეოთხედფინალამდე მართლაც მიაღწიეს. თუმცა, ესპანურ დერბიში მადრიდის ატლეტიკოსთან მარცხი მათთვის დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა.
მეთექვსმეტე ტიტულის მოპოვების იმედით, ჩაბი ალონსომ ზაფხულში შემადგენლობა საგრძნობლად გააძლიერა, თუმცა თავად დიდხანს ვერ გაჩერდა მწვრთნელის რანგში. ალვარო არბელოას მცდელობის მიუხედავად, სამეფო კლუბი მეოთხედფინალში ბაიერნთან დამარცხდა და თითქმის 90 მილიონი გირვანქით დაკმაყოფილდა.
დიეგო სიმეონე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია, ამიტომ ატლეტიკოს თითოეული ცენტი სჭირდება. მათ პლეი-ოფში ბრიუგე დაამარცხეს, შემდეგ ტოტენჰემს აჯობეს, თუმცა ნახევარფინალში არსენალთან ვეღარაფერი გააწყვეს.
ისაკისა და ვირცის ტრანსფერების შემდეგ, მერსისაიდელებისგან ბევრს ელოდნენ, თუმცა არნე სლოტისთვის მეორე სეზონი იმაზე რთული გამოდგა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. წითლებმა მეოთხედფინალამდე კი მიაღწიეს, მაგრამ პსჟ-მ ისინი ტურნირს მიღმა დატოვა.
მიუნხენელები წელს ბრწყინვალე ფორმაში იყვნენ. ჰარი კეინისა და ლუის დიასის წინამძღოლობით, მათ მადრიდის რეალს ორი მატჩის ჯამში 6:4 აჯობეს, თუმცა მოქმედ ჩემპიონთან, პსჟ-სთან, დამარცხდნენ.
მოქმედმა ჩემპიონებმა ფინალამდე მიმავალ გზაზე ჩელსი, ლივერპული და ბაიერნი ჩამოიცილეს. ლუის ენრიკეს გუნდი ყველაფერს აკეთებს ტიტულის შესანარჩუნებლად და ამასთანავე, საკუთარ ბიუჯეტსაც სოლიდურად ავსებს.
მეთოფეებმა ისტორიაში მეორედ მიაღწიეს ფინალამდე, სადაც პსჟ-ს დაუპირისპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მიკელ არტეტას გუნდმა ყველაზე მეტი ფული უკვე გამოიმუშავა, ფანებისთვის ამ ციფრებს აზრი არ ექნება, თუ გუნდი პირველ ევროპულ თასს ვერ აღმართავს.
საინტერესოა, ვინ გახდება ტურნირის გამარჯვებული და ვინ მიიღებს დამატებით მილიონებს.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები