ნეშვილმა ინტერ მაიამი ანგარიშით 2-1 დაამარცხა და MLS-ის პლეი-ოფის პირველ რაუნდში მესამე, გადამწყვეტი თამაში გამოიწვია, რომელიც 9 ნოემბერს, მაიამიში, გაიმართება.
ლიონელ მესიმ ხავიერ მასკერანოს გუნდის ერთადერთი გოლი გაიტანა, რითაც თავის პროფესიულ კარიერას კიდევ ერთი ბურთი დაამატა, ახლა ის 900 გოლის ზღვარს უახლოვდება. საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს რბოლა 1000 გოლამდე კრიშტიანუ რონალდუსთან?
რბოლა 1000 გოლამდე
ისტორიულად, ლეოსა და კრიშტიანუს მიღწევები ყოველთვის ერთმანეთთან შედარების საგანი იყო. ახლა კი ორივე ლეგენდა უახლოვდება კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიშნულს, 1000 გოლის გატანას.
ინტერ მაიამის ბოლო მატჩის შემდეგ, 38 წლის არგენტინელ ვარსკვლავს ამ რეკორდამდე 108 გოლი აშორებს, მას 1132 შეხვედრაში 892 გოლი აქვს გატანილი. ნეშვილთან დაპირისპირებაში ლეომ როდრიგო დე პოლის პასით გაიტანა, თუმცა მარცხის თავიდან აცილება ვერ შეძლო.
გარდა ამისა, მას მხოლოდ ერთი საგოლე პასი (399) აშორებს 400 ასისტს, ბოლო 15 თამაშში კი მონაწილეობა 27 გოლში (17 გოლი და 10 ასისტი) მიიღო, თუმცა CR7-იც შორს არ არის.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა 1000 გოლისკენ, მან ალ-ნასრის შემადგენლობაში ორჯერ გაიტანა ალ-ფეიჰას წინააღმდეგ საუდის პრო ლიგის გასულ ტურში. პირველი გოლი სადიო მანეს პასით გაიტანა 37-ე წუთზე, ხოლო გამარჯვების გოლი პენალტით 94-ე წუთზე, რის შედეგადაც თამაში ანგარიშით 2-1 დასრულდა.
ამრიგად, 40 წლის ასაკში კრიშტიანუ რონალდუს უკვე 952 გოლი და 259 ასისტი აქვს 1295 შეხვედრაში და მხოლოდ 48 გოლი აშორებს იმ ისტორიულ ნიშნულს, რომ გახდეს ერთადერთი მოთამაშე, ვინც 1000 გოლს მიაღწევს.

ამავდროულად, ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ორივე მათგანი ლიდერობს. მესის უკან არიან იოზეფ ბიცანი (805), პელე (757) და რომარიო (745).
აქტიურ მოთამაშეებს შორის, რობერტ ლევანდოვსკის 701 გოლი აქვს, ლუის სუარესს - 597, ხოლო კარიმ ბენზემას - 502, რაც მათ ხუთეულს კრავს.
ეჭვგარეშეა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი კვლავ ამტკიცებენ, რატომ არიან ისინი სპორტის უმთავრესი ეტალონები, ასაკი ვერაფერს აკლებს მათ სურვილს, კვლავ დაამყარონ რეკორდები და გაახარონ გულშემატკივრები თავიანთი თამაშით.