სამშაბათს გამართული მორიგი ღონისძიების შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ რა თანხა გამოიმუშავეს Dana White’s Contender Series-ის (DWCS) მონაწილეებმა 2017 წლიდან დღემდე.
ლას-ვეგასში, Meta Apex-ში გამართული 5 ბრძოლის შემდეგ, უაითმა UFC-ის კონტრაქტი ერთბაშად 6 მებრძოლს გაუფორმა. საერთო ჯამში, 9 სეზონის განმავლობაში, შოუდან UFC-ში 333 ადამიანი მოხვდა, საიდანაც 4 მოგვიანებით ჩემპიონიც გახდა, ბევრი მათგანი კი რეიტინგის ტოპ-ათეულებში დამკვიდრდა.
დანა უაითი მებრძოლებისთვის გადახდილი ჰონორარებით ძალიან ამაყობს:
მინდა ერთი საინტერესო ფაქტი გაგიზიაროთ. ეს შოუ 2017 წლის ივლისში დაიწყო. იმ დღიდან მოყოლებული, მებრძოლებმა, რომლებიც Contender Series-იდან UFC-ში მოხვდნენ, ჯამში 225.3 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. აი, რას ნიშნავს ნამდვილი შესაძლებლობა!
მიუხედავად იმისა, რომ UFC-ის პრეზიდენტი ამ ციფრით ტრაბახობდა, გულშემატკივრების რეაქცია სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა. სოციალურ ქსელებში უაითის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და მას დიდი კრიტიკა მოჰყვა, რადგან ფანებმა მარტივი მათემატიკური გამოთვლები ჩაატარეს და ჰონორარები სხვა სპორტსმენების შემოსავლებს შეადარეს.
„ეს არ არის ისეთი რამ, რითაც უნდა იამაყო. ხვდება მაინც, რომ 333 მებრძოლზე გაყოფით ეს თანხა საშუალოდ თითოეულისთვის მხოლოდ ნახევარ მილიონს შეადგენს?“ - წერს ერთ-ერთი გულშემატკივარი.