-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს 26 მარტია. 1 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ქართული საფეხბურთო ისტორია დაიწერა. ალბათ, იშვიათად თუ გავიხსენებთ დღეს ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, როცა ქართველი ხალხი ასეთი ბედნიერი და ერთიანი იყო.
თუმცა იქამდე გამოვიარეთ ნერვიულობა. საბერძნეთთან მატჩამდე უამრავი იმედგაცრუება უკვე გვენახა და ერთი მთავარი ტკივილიც გვახსენებდა თავს ჩრდილო მაკედონიასთან მარცხის სახით, ამის გამეორება კი აღარ გვსურდა.
გულშემატკივრები არც კი ვუშვებდით იმას, რომ იმ დღეს წავაგებდით, ამის გაფიქრებაც კი არავის გვინდოდა. ჩვენს გონებაში მხოლოდ გამარჯვება წარმოგვედგინა, არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ როგორ, მთავარი იყო მოგება და მოვიგეთ კიდეც, თანაც ყველაზე დრამატული გზით.
დინამო არენაზე 120 წუთის განმავლობაში ნამდვილი ბრძოლა ვიხილეთ. ყველა ფეხბურთელსა და გულშემატკივარს ესმოდა, რომ იმ დღეს სტადიონიდან წაგებული გასვლა არ შეიძლებოდა.
ძირითადმა და დამატებითმა ტაიმებმა უგოლოდ ჩაიარა და თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. ეს კი ცალკე ისტორიაა.
ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, როცა პირველი პენალტი საქართველოს ნაკრებს უნდა დაერტყა, პასუხისმგებლობა თავის თავზე გიორგი ქოჩორაშვილმა აიღო.
ქოჩორამ ცენტრიდან პენალტის ნიშნულამდე ყველაზე რთული გზა გულშემატკივრების სიმღერის ფონზე გაიარა: "შენთან, შენთანა ვარ, ნურაფრის ნუ გეშინია"
შემდეგ როგორც თავად თქვა, ეს სიმღერა მას ამ რთულ მომენტში ძალიან დაეხმარა, რაც მის დარტყმულშიც აისახა. გიორგიმ ცივსისხლიანად შეასრულა პენალტი და თავის გუნდს გადამწყვეტ მომენტში უდიდესი თავდაჯერება გადასდო.
ამას მაშინვე მოჰყვა გიორგი მამარდაშვილის მოგერიება, რომელმაც ბერძენთა კაპიტნის, ბაკასეტასის დარტყმული აიღო და ჩვენი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
შემდეგ იყო ზურიკო დავითაშვილისა და ლაშა დვალის გატანილი გოლები, ამ დარტყმებს შორის თავისი შანსი გიორგი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა, თუმცა პენალტი ბერძენმა იაკუმაკისმაც ვერ გაიტანა და დადგა გადამწყვეტი მომენტი...
ბურთთან ნიკა კვეკვესკირი მივიდა, გოლი და ევროპის ჩემპიონატზე გავდიოდით, თუმცა ის რამდენიმე წამი ალბათ საუკუნესავით გაიწელა.
ნუთუ ისტორიულ ამბავთან ერთ გამორბენში ვიყავით, მაგრამ ვერ ვიჯერებდით, რთული იყო ამის გააზრება, ჩვენ ხომ იქამდე მსგავსი არაფერი გვენახა და როგორ უნდა წარმოგვედგინა ის, რაც არასდროს გამოგვიცდია.
გამორბენი და... ბურთი კარის ბადეში გაეხვა. კვეკვესკირი ქომაგებისკენ გაიქცა, მას მოთამაშეებიც მიჰყვნენ, თუმცა ყველა ვერა... ქოჩორა გაშეშდა, კაშია მუხლზე დაეცა, ხალხი მოედანზე შევარდა...
იმ წამებში სტადიონზე თუ მის მიღმა ბევრი ემოცია ერთად დატრიალდა, ყველამ თავისებურად გამოხატა ეს ამბავი მთელ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, თუმცა ამ ემოციებს ერთი რამ აერთიანებდათ - იმ დღეს ისტორია დაიწერა, რომელიც განუმეორებელია.
იმ დღის შემდეგაც ისტორიული მატჩები ვნახეთ, წინაც ბევრი წარმატება გველის, თუმცა პირველ დიდ სანაკრებო ფორუმზე გასვლა აღარ განმეორდება.
თბილისის ქუჩები კი არასოდეს დაივიწყებენ 2024 წლის 26 მარტს. ეს ხომ ის დღეა, როცა გავიმარჯვეთ!
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები