ამერიკულ საფეხბურთო სამყაროში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. 30 წლის ყოფილი ფეხბურთელი, კაილა სააგერ-ბექლი ოკლაჰომას შტატის ქალაქ ტულსაში მოულოდნელად გარდაიცვალა.
სპორტსმენი, რომელიც პირველ შვილზე იყო ორსულად, ვარჯიშის დროს გონებადაკარგული იპოვეს, მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზი კი ამ დრომდე უცნობია.
ტრაგიკული დეტალები ტულსას საფეხბურთო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტრე ლამბმა გაასაჯაროვა, სადაც კაილას მეუღლე, ჯონ ბექლი ასისტენტად მუშაობს. მწვრთნელის თქმით, ქალი ვარჯიშის დაწყებიდან 10 წუთში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. კლუბმა გარდაცვლილისა და მისი ჯერ კიდევ დაუბადებელი გოგონას, სოიერის ხსოვნას სპეციალური ცერემონია მიუძღვნა.
სააგერ-ბექლის კარიერა საუნივერსიტეტო დონეზე უაღრესად წარმატებული იყო. ის იცავდა ბინგემტონის უნივერსიტეტის, ჩრდილოეთ კაროლინას შტატისა და დასავლეთ ვირჯინიის ღირსებას. ბინგემტონის ისტორიაში კაილა დღემდე საუკეთესოა თითო მატჩში გატანილი გოლებისა და მოპოვებული ქულების საშუალო მაჩვენებლით, რის გამოც მას არაერთი პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო აქვს მიღებული.
საუნივერსიტეტო კარიერის დასრულების შემდეგ, ამერიკელმა ფორვარდმა ძალები ევროპაშიც მოსინჯა და პროფესიონალურ დონეზე ჩეხეთში თამაშობდა. აქტიური სპორტული ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ კი, კაილა სააგერ-ბექლი საფეხბურთო სფეროში დარჩა და ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ტალანტების მოძიებითა და სკაუტინგით იყო დაკავებული.