ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯორდან ჰენდერსონმა და მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, იუმორით უპასუხეს გავრცელებულ ჭორებს, თითქოს გუნდი მექსიკასთან მერვედფინალის წინ, მაღალ მთაში სათამაშოდ ადაპტაციისთვის ვიაგრას იყენებს.
ეს პრეპარატი ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ აკრძალული არ არის, რამაც მედიაში სპეკულაციები გამოიწვია, თუმცა ტუხელმა ეს ინფორმაცია პრესკონფერენციაზე მაშინვე უარყო: „ინფორმაციამ, რომელიც ამას დაადასტურებდა, ჩემამდე არ მოუღწევია, ასე რომ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.
მწვრთნელის პასუხის შემდეგ სიტუაცია ჯორდან ჰენდერსონმა განმუხტა, რომელმაც იხუმრა:
აბა, ვფიქრობ, ვიაგრამ დაგვეხმარა... ვხუმრობ! ეს უბრალოდ ხუმრობა იყო
თუმცა, როდესაც საქმე კლიმატურ პირობებს შეეხო, ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მეხიკოში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე თამაში სერიოზული გამოწვევაა:
ჰაერის სიმცირეს ოდნავ გრძნობ, რაღაც სხვაობა არის. მე ეს მაშინვე ვიგრძენი, როცა თვითმფრინავი დაეშვა, სასტუმროში მივედით და უბრალოდ ვსეირნობდით. დღეს ვარჯიშზეც, პირველი 10-15 წუთი პირადად მე ვიგრძენი ეს სიმძიმე, მაგრამ როგორც კი პროცესი გააქტიურდა, ამაზე ფიქრი შევწყვიტე და მთლიანად ვარჯიშზე გადავერთე
თხელი ჰაერის გამო პრობლემები ტუხელსაც შეექმნა, რომელმაც აღიარა, რომ ჩასვლის დღიდან თავის ტკივილები და უძილობა აწუხებს. მიუხედავად ამისა, ჰენდერსონი აცხადებს, რომ ინგლისი პირობებს გამართლებად არ გამოიყენებს:
ჩვენ აქ ჩვენი საქმის გასაკეთებლად ჩამოვედით, ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, დავრჩეთ ერთიანები, ვიბრძოლოთ, ყველაფერი გავიღოთ ერთმანეთისთვის და სამშობლოსთვის, რათა ხალხს ჩვენით ეამაყოს და მოვიგოთ საფეხბურთო მატჩი. ყველაფერი, რაზეც გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, იქნება ეს მატჩის დაწყების დრო, სიმაღლე თუ სასტუმროს პირობები - ჩვენს კონტროლს მიღმაა. ამიტომ, უბრალოდ გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რაც კარგად გამოგვდის. ჩვენთვის მთავარია სრული ფოკუსი საქმეზე და არანაირი გამართლება
ინგლისის ნაკრები მერვედფინალში მექსიკას ლეგენდარულ აცტეკას სტადიონზე დაუპირისპირდება.