ავსტრალიის გრან-პრის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეული სამგზავრო ქაოსი ამ შაბათ-კვირას ფორმულა 1-ის სეზონის გახსნით რბოლაზე გავლენას არ მოახდენს.
დაახლოებით 1000 თანამშრომელს მოუწია ფრენების გადაგეგმვა, მათგან დაახლოებით 500-ის ევროპიდან ჩარტერული რეისებით გადაყვანა იგეგმება.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შაბათს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ იერიში მიიტანეს, რასაც რეგიონში საპასუხო დარტყმები მოჰყვა.
F1-მა ასევე განაცხადა, რომ ვითარებას „ყურადღებით აკვირდება“, იქიდან გამომდინარე, რომ მომდევნო ეტაპები ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში აპრილშია დაგეგმილი.
ავსტრალიის ფორმულა 1-ის ხელმძღვანელმა ტრევის ოლდმა ორშაბათს განაცხადა, რომ „ყველა ადგილზე და მზად იქნება რბოლისთვის“.
ევროპაში მცხოვრებ ბევრ მრბოლელსა და სხვა მნიშვნელოვან პერსონალს მოგზაურობის გეგმები შეეცვალა, რადგან განვითარებულმა მოვლენებმა გლობალურ საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, განსაკუთრებით კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით მთავარ მარშრუტებზე.
„ბოლო 48 საათში ფრენების გარკვეული გადაჯგუფება გახდა საჭირო.
ეს დიდწილად ფორმულა 1-ის პასუხისმგებლობაა. ისინი მართავენ გუნდებს, მრბოლელებსა და ყველა იმ პერსონალს, რომელიც საჭიროა ამ ღონისძიების ჩასატარებლად. ასეთი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდია.
ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი უკვე მოგვარებულია, ყველა ჩამოვა და მზად იქნება რბოლისთვის, და გულშემატკივრები ვერანაირ განსხვავებას ვერ შენიშნავენ.“ - თქვა ოლდმა.
ავსტრალიის გრან პრი ქალაქ მელბურნში 6-8 მარტს გაიმართება.