-
Aa
+
ფონტის ზომა
ბაჰრეინის ტესტებზე AMR26-ის კატასტროფული დებიუტის შემდეგ გაჩნდა ეჭვები, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება გუნდი.
ჰონდას მხარეს აშკარა პრობლემებია მოსაგვარებელი. იაპონური ძალოვანი აგრეგატი უდავოდ ყველაზე სუსტია გრიდზე და სერიოზული საიმედოობის პრობლემებით იტანჯება, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ჰონდას ძრავა სრულ სიმძლავრეზე მუშაობას ვერ ახერხებს.
ბოლო კვირებში HRC-ის პრეზიდენტი კოჯი ვატანაბე ცდილობდა მომავლის უფრო ოპტიმისტური სურათი დაეხატა.
თუმცა ადრიან ნიუის ბოლო განცხადებები მედიასთან მიუთითებს, რომ ავსტრალიის პირველ ეტაპამდე ასტონ მარტინი ყველაზე რთულ მდგომარეობაშია.
რამდენიმე დღის წინ Motorsport Italy-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ F1-ის სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. იტალიური გამოცემის წყაროების მიხედვით, Aston Martin-ის 2026 წლის დებიუტთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.
სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ასტონ მარტინი არ ელოდებოდა, რომ AMR26 ავსტრალიის გრან-პრის დასრულებას შეძლებდა.
გარდა ამისა, ვარაუდობდნენ, რომ გუნდი შესაძლოა რამდენიმე წრის შემდეგ განზრახ გამოსულიყო რბოლიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობდა მოსაზრება, რომ ადრიან ნიუის გუნდი 2026 წლის პირველ ეტაპზე მხოლოდ მინიმალურ სარბოლო მანძილს დაფარავდა.
მელბურნში ჟურნალისტებთან საუბრისას ასტონ მარტინის გუნდის ხელმძღვანელმა ადრიან ნიუმ სიტუაციის სიმძიმე დაადასტურა.
ჟურნალისტ კრის მედლენდის ინფორმაციით, ნიუმ აღიარა, რომ კვირას რბოლის დასრულება ნაკლებად სავარაუდოა. შესაბამისად, 67 წლის სპეციალისტმა თქვა, რომ გუნდი ავსტრალიის გრან-პრიში სავარაუდოდ შეზღუდული რაოდენობის წრის შესრულების მიზნით შევა.
ფერნანდო ალონსომ და ლენს სტროლმაც მსგავსი მინიშნებები გააკეთეს. ამჟამად ასტონ მარტინისთვის საუკეთესო სცენარი იქნება, თუ ისინი რბოლის მანძილის დაახლოებით მესამედს მაინც დაფარავენ.
კერძოდ, ალონსოსა და სტროლის მთავარი შეშფოთება ის არის, რომ AMR26-ით ზედიზედ ბევრი წრის გავლამ შესაძლოა ნერვული დაზიანება გამოიწვიოს. ალონსოს მიერ დაწესებული ლიმიტი 25 წრეა, ხოლო სტროლისთვის - მაქსიმუმ 15.
ამის მიზეზი არის ძლიერი ვიბრაცია, რომელიც ასტონ მარტინის ბოლიდში შეინიშნება და რომელიც ტესტების დროს ჰონდას ძრავის მთავარ პრობლემად იქნა იდენტიფიცირებული.
ავსტრალიის გრან პრი 6-8 მარტს გაიმართება.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები