ცნობილი ინსაიდერის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ლივერპულის ხელმძღვანელობა ალისონ ბეკერის თამაშით აღფრთოვანებულია და მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
ბრაზილიელ მეკარეს კლუბში იმდენად მყარი პოზიცია აქვს, რომ კონტრაქტის 2 წლით გახანგრძლივება და ენფილდზე 2029 წლის ზაფხულამდე დარჩენა სურს.
ბრაზილიელის ხელშეუხებელი სტატუსი პირდაპირ აისახება გიორგი მამარდაშვილის მომავალზე. ინგლისურ გრანდში ქართველი კვლავ ალისონის დუბლიორად განიხილება და მიმდინარე სეზონში სათამაშო დრო მხოლოდ ინგლისის ლიგის თასის 2 შეხვედრაში მიეცა (პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე უცვლელად ალისონი თამაშობს).
თუ სამხრეთამერიკელი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მართლაც გააფორმებს, დიდი შანსია, ქართველმა ტალანტმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღოს. ბრიტანული მედიის ცნობით, მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერის საკითხი სეზონის ბოლოს, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური გახდება.