TEAMtalk-ის ინფორმაციით, რამდენიმე კლუბი უკვე დაუკავშირდა ლივერპულს გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილი გახდა, ლივერპულმა უკვე გაააქტიურა ალისონის კონტრაქტში არსებული პუნქტი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივებაზე, ხოლო წყაროების ცნობით, 33 წლის მეკარეს შესაძლოა კიდევ ერთი ახალი კონტრაქტიც შესთავაზონ, რათა მისი დარჩენა ენფილდზე კიდევ უფრო გახანგრძლივდეს.
ამ სიტუაციამ ბუნებრივად გააჩინა გაურკვევლობა მამარდაშვილის მოკლევადიან მომავალთან დაკავშირებით.
25 წლის მეკარე ლივერპულს 2024 წელს შეუერთდა, თუმცა პირველი სეზონი იჯარით გაატარა ვალენსიაში, რის შემდეგაც მიმდინარე სეზონში მერსისაიდულ კლუბს შეუერთდა. მიუხედავად ამისა, ის ძირითადად სათადარიგო მეკარის როლში დარჩა.
მამარდაშვილს შანსები იმ პერიოდებში მიეცა, როდესაც ალისონი ტრავმის გამო ვერ თამაშობდა, თუმცა ჯერჯერობით ვერ მოახერხა იმის დამტკიცება, რომ მუდმივად შეეძლოს პირველი ნომრისთვის კონკურენციის გაწევა.
მიუხედავად ამისა, ლივერპულში კვლავ სჯერათ, რომ ქართველი მეკარე გრძელვადიან პერსპექტივაში ალისონის მემკვიდრე შეიძლება გახდეს და მისი შესაძლებლობების მიმართ ძლიერი ნდობა აქვთ.
თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ გეგმავს კლუბი მის სიტუაციასთან გამკლავებას უახლოეს მომავალში.
როგორც იწერება, ამ გაურკვევლობამ მიიპყრო ინგლისისა და ევროპის სხვადასხვა კლუბის ყურადღება და უკვე ისმება კითხვები იმის შესახებ, შესაძლებელი იქნება თუ არა მამარდაშვილის ტრანსფერი.
მაღალი შეფასების მქონე მეკარის მიმართ ინტერესი იზრდება, რადგან კლუბები აკვირდებიან, განიხილავს თუ არა ლივერპული იჯარას ან სრულ ტრანსფერს, რაც დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება მათი მეკარეების საკითხი მომავალი სეზონის წინ.
ამ დროისთვის ლივერპული ყველა ვარიანტს ღიად ტოვებს, თუმცა სხვა კლუბების მხრიდან მზარდმა ინტერესმა შეიძლება კლუბი აიძულოს, მამარდაშვილის მომავალი უფრო მალე გადაწყვიტოს.