ლივერპულის ლეგენდა, სტივენ ჯერარდი, მზადყოფნაშია და წითლებისგან იმ სატელეფონო ზარს ელოდება, რომლითაც მას არნე სლოტის ჩანაცვლებას და სეზონის ბოლომდე გუნდის ჩაბარებას სთხოვენ.
მას შემდეგ, რაც კვირას ლივერპული ტოტენჰემთან ფრეს (1-1) დასჯერდა, მერსისაიდელებს ბოლო ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა აქვთ. აღსანიშნავია, რომ სლოტის გუნდმა ქულები აუტსაიდერ ვულვზთან და გავარდნის პირას მყოფ ტოტენჰემთან დაკარგა.
მართალია, ჩელსისთან წაგების ფონზე ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში მეხუთე ადგილზე გადავიდა, მაგრამ ამ ფრემ არნე სლოტის მომავალთან დაკავშირებით კითხვები კიდევ უფრო გაამძაფრა. ოთხშაბათს ლივერპული ჩემპიონთა ლიგაზე გალათასარაის მასპინძლობს (პირველი მატჩი 1-0 წააგეს) და იქ მარცხი ნიდერლანდელ სპეციალისტზე ზეწოლას პიკამდე მიიყვანს.
გავლენიანი ჟურნალისტების ჯგუფის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯერარდი მზადაა „ყველაფერი მიატოვოს“, რათა სლოტის გათავისუფლების შემთხვევაში მშობლიურ კლუბს დაეხმაროს: „სტივენ ჯერარდი ახლა ტელეფონთან ზის და ლივერპულიდან იმ საბედისწერო ზარს ელოდება. ის მზადაა, კლუბისთვის რთულ პერიოდში საგანგებო მწვრთნელის როლი მოირგოს“.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე სლოტმა თამაშის შესახებ ისაუბრა: „მატჩის დიდ ნაწილში უკეთესად ვთამაშობდით და სწორედ მაშინ უნდა გაგვეტანა მეორე გოლი. ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა ბოლო 15-20 წუთში თამაში გათანაბრდა. სამწუხაროდ, კონტრშეტევებზე, სადაც რიცხობრივი უპირატესობა გვქონდა, სწორი გადაწყვეტილებები ვერ მივიღეთ, ბოლო წუთზე კი გოლი გავუშვით“.
გულშემატკივრების მხრიდან გაჟღერებულ სტვენაზე მწვრთნელმა აღნიშნა: „ფანების იმედგაცრუება მესმის. ბევრჯერ მოხდა, რომ შინ ქულები დავკარგეთ და გოლები ბოლო წუთებზე გავუშვით. ახლა ეს ემოცია ოთხშაბათისთვის უნდა შემოვინახოთ და დიდი თამაში ვაჩვენოთ. ჩვენ ყველანი გაბრაზებულები ვართ და გულშემატკივრებს ის შედეგი უნდა მივცეთ, რასაც იმსახურებენ“.