პეპ გვარდიოლას უცნაური გადაწყვეტილება რეალ მადრიდთან მატჩის წინ: მანჩესტერ სიტიმ ვარჯიში გააუქმა
ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, პეპ გვარდიოლამ მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა ორშაბათს დაგეგმილი ვარჯიში გააუქმა, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს რეალ მადრიდთან სამბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრა მართებს.
ესპანეთში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ (0:3), სადაც ფედერიკო ვალვერდემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მანჩესტერ სიტის პრობლემები პრემიერლიგაშიც გაგრძელდა. ვესტ ჰემთან ფრესა და არსენალის მორიგი გამარჯვების ფონზე, ქალაქელები ლიდერს უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან.
ასეთ კრიზისულ მომენტში გვარდიოლამ გუნდი ორშაბათს, 15:00 საათზე დაგეგმილ ვარჯიშზე არ გაიყვანა. პრესკონფერენციაზე პეპმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელები მხოლოდ სამშაბათს დილით, უშუალოდ მატჩის დღეს ივარჯიშებენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კატალონიელი სპეციალისტი მსგავს ტაქტიკას მიმართავს. ნოემბერში, დორტმუნდის ბორუსიასთან შეხვედრის წინ, მან გუნდს დამატებითი დასვენების დღე მისცა. მაშინ ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა, მანჩესტერ სიტიმ მეტოქე 4:1 გაანადგურა და მერვედფინალის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა.
გვარდიოლას იმედი აქვს, რომ დასვენება ამჯერადაც დაეხმარება მის შეგირდებს ძალების აღდგენასა და რეალ მადრიდთან სასწაულის მოხდენაში.