ერლინგ ჰალანდს კარიერაში აშკარაა მშრალი სერია დაუდგა.
მანჩესტერ სიტის საუკეთესო ბომბარდირმა ბოლო 17 მატჩში ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა, აქედან ორი თერთმეტმეტრიანით. იმისთვის, რომ ქალაქელებმა ტიტულებისთვის ბრძოლა წარმატებით განაგრძონ, ნორვეგიელის გაღვიძება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პეპ გვარდიოლამ გუშინ აღნიშნა, რომ გუნდმა ჰალანდი მოედანზე უფრო ხშირად უნდა ეძებოს, თუმცა თავად ფორვარდსაც მოუწევს მოძრაობის მანერის შეცვლა, რათა გოლები კვლავ მოვიდეს.
მანჩესტერ სიტი დღეს ვესტ ჰემს უპირისპირდება. ეს არენა ჰალანდისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, მათ წინააღმდეგ ჩატარებულ 7 მატჩში მას 11 გოლი აქვს გატანილი, აქედან 6 სწორედ ლონდონში. მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, გვარდიოლა მიიჩნევს, რომ წარსულს მნიშვნელობა არ აქვს: „არ მჯერა, რომ ფეხბურთელები რომელიმე კონკრეტულ გუნდთან უკეთ თამაშობენ. რაც იყო, წარსულს ჩაბარდა. ფაქტია, მას გოლები სჭირდება და გუნდსაც სჭირდება მისი გოლები. ჩვენ ის უფრო ხშირად უნდა ვიპოვოთ“.
იმისთვის, რომ ჰალანდი ძველ ფორმას დაუბრუნდეს, ორი მთავარი ფაქტორი უნდა შეიცვალოს:
პირველ რიგში, მანჩესტერ სიტის მოთამაშეებმა უფრო მეტად უნდა დააფასონ ჰალანდის გახსნები. ხშირად ერლინგი მცველების ზურგს უკან კარგად იხსნება, თუმცა პარტნიორები პასს არ აძლევენ. მართალია, გუნდები სიტის წინააღმდეგ ხშირად დაცვას აძლიერებენ და სივრცეებს ზღუდავენ, მაგრამ კონტრშეტევების დროს ჰალანდის სისწრაფის გამოყენება აუცილებელია. თუ მას ბურთს დროულად მისცემ, თამაშში ჩართვაც უფრო გაუადვილდება.
მეორე მხრივ, თავად ერლინგ ჰალანდსაც მართებს საჯარიმოში მოძრაობის დივერსიფიკაცია. ბოლო დროს ის ძირითადად შორეულ ძელთან ცხოვრობს, რაც მცველებისთვის მის აყვანას აადვილებს. ჰალანდი ბევრად უფრო სახიფათო გახდება, თუ ჩაწოდებების დროს მოძრაობას შეცვლის და მეტოქეს დააბნევს.
მანჩესტერ სიტიმ უნდა უზრუნველყოს ნორვეგიელი საჭირო პასებით, ხოლო ფორვარდმა თავად უნდა შეუწყოს ხელი საკუთარ თავს. იმედია, ეს ყველაფერი დღესვე, ვესტ ჰემთან მატჩში მოხდება და ჰალანდი კვლავ იპოვის გზას მეტოქის კარისკენ.