ჩაბი ალონსოს ლონდონის ჩელსიში მუშაობის დაწყება მხოლოდ ახალი პროექტის შენებითა და ტრანსფერებით არ შემოიფარგლება.
ესპანელმა სპეციალისტმა მძიმე მემკვიდრეობა და ძვირადღირებული ტრანსფერებისგან გამოწვეული კრიზისი ჩაიბარა, რომელიც პრესეზონის დაწყებისთანავე თავს გვახსენებს.
გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, ამ პრობლემების ყველაზე ნათელი მაგალითი რომეო ლავიაა. ლონდონელებმა ბელგიელი ნახევარმცველი 2023 წლის ზაფხულში, მაურისიო პოჩეტინოს ფორმაციის დროს, საუთჰემპტონიდან 62 მილიონ ევროდ დაიმატეს.
მაღალი მოლოდინების მიუხედავად, სტემფორდ ბრიჯზე ბელგიელის კარიერა ტრავმებმა გაანადგურა. ჩელსიში გადასვლის შემდეგ ლავიამ 12 სხვადასხვა დაზიანება მიიღო და 43 ჩატარებულ მატჩში 90 წუთი ერთხელაც არ უთამაშია. ეს არის სრული კატასტროფა ფეხბურთელისთვის, რომელსაც ლონდონელთა ნახევარდაცვის ლიდერობა წლების განმავლობაში უნდა ეტვირთა.
ალონსოს ხელმძღვანელობით პრესეზონზე ლავიას კარიერის ახალი ფურცლიდან დაწყების შანსი მიეცა, თუმცა ვესტერნ სიდნეი უონდერერსი წინააღმდეგ გამართულ პირველსავე ამხანაგურ შეხვედრაში მან ბარძაყის არეში დისკომფორტი იგრძნო. მატჩის შემდეგ ალონსომ დაადასტურა პრობლემა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებს, რაც ტოტენჰემი წინააღმდეგ მომდევნო სპარინგში მის თამაშს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ბელგიელს ჩელსისთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, კლუბი კი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია, თუ როდის შეძლებს 62-მილიონიანი შენაძენი თავისი რეალური პოტენციალის გამოვლენას.