ამირან გოგოლაძემ ჯესინ აიარი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და OKTAGON MMA-ის ქვესაშუალო წონის ვაკანტური საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
ბრძოლა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, SAP Garden-ის არენაზე გამართული OKTAGON 96-ის ფარგლებში შედგა.
საჩემპიონო ბრძოლაში ცვლილება ბოლო მომენტში განხორციელდა. ფელიქს კლინკჰამერმა ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო, რის შემდეგაც მთავარ ბრძოლაში მისი ადგილი ჯესინ აიარიმ დაიკავა.
თავის მხრივ, აიარის თავდაპირველად სხვა მეტოქესთან უნდა ებრძოლა, თუმცა იონ სურდუც ტრავმის გამო გამოეთიშა ღონისძიებას.
ამირან გოგოლაძემ ჯესინ აიარი სამივე მსაჯის შეფასებით, ერთნაირი ანგარიშით - 49:46 დაამარცხა და OKTAGON-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდა.
28 წლის ქართველი მებრძოლს MMA კარიერაში უკვე 19 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს.