კილიან მბაპე მალიორკასთან მატჩში რეალის სასტარტო შემადგენლობას მუხლის ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა შეხვედრა ბლანკოსის მარცხით (2:1) დასრულდა. ამან ლიდერ ბარსელონასთან სხვაობა შვიდ ქულამდე გაზარდა და წნეხი გააძლიერა ფრანგ ფორვარდზე, რომელმაც არაერთი მცდელობის მიუხედავად გოლის გატანა ვერ შეძლო.
რეალი ქულებს კარგავს - ტიტულისთვის ბრძოლა რთულდება
მიუხედავად იმისა, რომ მბაპეს თამაში ცუდი არ ჰქონია, ზოგიერთმა ესპანელმა ჟურნალისტმა უკმაყოფილება გამოთქვა მისი დაცვაში არასაკმარისი ეფექტიანობის გამო. ისინი მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელი ჯერ კიდევ ვერ მოერგო რეალის ფილოსოფიას.
ცნობილმა ჟურნალისტმა და გადაცემა El Chiringuito-ს წამყვანმა, ხოსეპ პედრეროლმა, მწვრთნელ ალვარო არბელოას მოუწოდა, რომ ფეხბურთელი მკაცრად გააკრიტიკოს დაცვაში ნაკლებად თამაშის გამო, ზუსტად ისე, როგორც ამას ლუის ენრიკე პსჟ-ში ყოფნისას აკეთებდა.
ხოსეპ პედრეროლმა თავის გადაცემაში განაცხადა:
მბაპე ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული რეალის სიდიადე და ის, თუ რას წარმოადგენს ეს გერბი. მიუღებელია სიზარმაცე სირბილისას ან თავდაცვითი მოვალეობების შესრულებისას.
ჟურნალისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეალის ფანები ფეხბურთელისგან გამოღვიძებას და თეთრი მაისურის მოთხოვნებისადმი მეტ პატივისცემას ელიან.
ამის საპირისპიროდ, ესპანურმა გამოცემა Marca-მ აღნიშნა, რომ რეალმა მბაპეს არყოფნაშიც აჩვენა დადებითი შედეგების მიღწევის უნარი, თუმცა იქვე დასძინა, რომ სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე გუნდს მისი გოლები ჰაერივით სჭირდება.
გამოცემა წერს:
დაუჯერებელია, მბაპეს გოლი არ გაუტანია. რეალს მისი გოლები სჭირდება. ფაქტია, გუნდი მისი თამაშისას თითქოს ყვავის, თუმცა მისმა ტრავმამ ისიც გამოაჩინა, რომ კლუბს მის გარეშეც შეუძლია ფონს გასვლა. მბაპეს არ მიუღია მონაწილეობა ზედიზედ ხუთ გამარჯვებაში (ატლეტიკოსთან რამდენიმეწუთიანი გამოსვლის გარდა). საქმე ის არაა, რომ მბაპემ ცუდად ითამაშა, უბრალოდ ის არ ყოფილა გამორჩეული. არც ჩაუგდია, მაგრამ არც ბრწყინავდა.
რეალი სეზონის გადარჩენას ჩემპიონთა ლიგის მეშვეობით ცდილობს და მოლოდინია, რომ მბაპეს თამაში მომავალ კვირებში გადამწყვეტი იქნება მისი მადრიდული კარიერის პირველი ეტაპის შესაფასებლად.