ესპანეთის რეკორდსმენი ჩემპიონი როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ლოთარ მათეუსი კი მათი გულშემატკივარი ნამდვილად არ არის.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებამდე, სადაც მისი ყოფილი კლუბი მიუნხენის ბაიერნი მადრიდის რეალს ხვდება, მათეუსმა ესპანური გრანდი გააკრიტიკა.
ტელეკომპანია Sky 90-ის ეთერში მან უხეში სიტყვები არ დაიშურა არა მხოლოდ რეალის სუპერვარსკვლავ ვინისიუს ჟუნიორისა და მისი საქციელების მიმართ, არამედ ზოგადად კლუბის ბოლოდროინდელი მოქმედებების გამოც:
ვინისიუსი, რა თქმა უნდა, დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ ის დაუსრულებლად პროვოკატორობს. როდესაც მას მოედანზე ეთამაშები, ის უბრალოდ წუწუნებს და ტირის. ეს მისთვის დამახასიათებელია.
65 წლის მათეუსისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა რეალის მიერ 2024 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ბოიკოტირება:
როდრი გახდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მათ კი თქვეს: "ეს უსამართლობაა, ერთ-ერთი ჩვენიანი უნდა ყოფილიყოო" და ბოიკოტი გამოაცხადეს. ასე არ იქცევიან. მეტოქეების, სხვა გუნდებისა და ფეხბურთელების პატივისცემის გამო ასე არ უნდა მოიქცე.
პრესამაც ეს ნეგატიურად აღიქვა და კლუბმა, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს, ამით გარკვეული პრესტიჟი დაკარგა. არ ვთვლი სწორად, როგორ იქცეოდა მადრიდის რეალი ბოლო წლებში.