არსენალის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ, მიკელ არტეტას მოსთხოვა, რომ გუნდმა სიტისთან ცეცხლოვანება აჩვენოს. მან სიცილით აღნიშნა, რომ მეთოფეებს ეტიჰადზე წარმატების შანსი არ ექნებათ, თუ ბოლო დროს ნაჩვენებ უფერულ ფეხბურთს ითამაშებენ.
არსენალმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს კი მიაღწია, თუმცა ბოლო პერიოდში გუნდს აშკარა ჩავარდნა აქვს. ბორნმუთთან მარცხი (1:2) მათთვის ბოლო ოთხ შეხვედრაში მესამე წაგება იყო. სპორტინგთან მატჩის წინ არტეტა ფეხბურთელებისგან შიშის გარეშე თამაშსა და ნამდვილ ცეცხლს ითხოვდა, თუმცა ევროთასზე ნაჩვენებმა მძიმე თამაშმა ლეგენდებს კითხვა გაუჩინა შეძლებს თუ არა გუნდი კვირას, ტიტულისთვის ბრძოლაში, საჭირო ენერგიის პოვნას.
მიუხედავად იმისა, რომ ანრი არტეტას პროექტის მხარდამჭერია, იგი მიიჩნევს, რომ ახლა გუნდმა სიტყვების ნაცვლად მოედანზე დომინაცია უნდა აჩვენოს:
მე მჯერა იმის, რაც არტეტამ თქვა, მაგრამ უფრო მეტად იმის მჯერა, რასაც ვხედავ. როცა ასე საუბრობ, მერე ეს საქმით უნდა დაამტკიცო, დღეს კი მე ეს ვერ ვნახე. ნახევარფინალში ვართ და მიხარია, მე ეს ტურნირი არასდროს მომიგია, თუმცა პრემიერ ლიგა მოგებული მაქვს.
ანრიმ სიცილი ვერ შეიკავა, როცა ჰკითხეს, ეყოფათ თუ არა მეთოფეებს სპორტინგთან ნაჩვენები დონე მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ. მან ხაზი გაუსვა სიტის ისტორიულ დომინაციას, თუმცა აღნიშნა, რომ არსენალისთვის წლევანდელი სეზონი კრიტიკოსების გასაჩუმებლად საუკეთესო შანსია:
წადით და მოუგეთ მანჩესტერ სიტის. სწორედ იქ მინდა ვნახო ის ცეცხლი, რომელზეც მიკელი საუბრობს. არა ისე, როგორც დღეს ან ბორნმუთთან ვითამაშეთ. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე (სიტი), რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ლიგა. მე მჯერა, რომ წელს ჩემპიონობა შეგვიძლია. ეს თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო შანსია, რომ ჩვენი ძალა დაამტკიცოთ. მე პირადად მჯერა, მაგრამ აქ, სტუდიაში ჯდომით ვერაფერს შევცვლი. ახლა მინდა ეს ცეცხლი ეტიჰადზე ვიხილო.