სპორტინგის კაპიტანმა, მორტენ ჰიულმანდმა, არსენალი მოსაბეზრებელი თამაშისა და დროის გაყვანის გამო გააკრიტიკა. ემირეითსზე გამართული მატჩი 0:0 დასრულდა, რაც არსენალისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ ორი მატჩის ჯამში 1:0 გაემარჯვა და ზედიზედ მეორედ გასულიყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
წინა კვირას კაი ჰავერცის მიერ გატანილმა გოლმა არსენალს უპირატესობა მისცა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ლონდონელებს დიდი ბრძოლა დასჭირდათ - ერთ-ერთ ეპიზოდში სპორტინგმა ბურთი ძელსაც კი მოარტყა.
კითხვაზე, გავიდა თუ არა შემდეგ ეტაპზე ის გუნდი, რომელიც მოედანზე სჯობდა მეტოქეს, ჰიულმანდმა უპასუხა:
ვფიქრობ, თანაბარი თამაში იყო. პირველ მატჩში განცდილმა მარცხმა საქმე გაგვირთულა, მით უმეტეს, რომ შინ ხშირად არ ვაგებთ. ვიცოდით, რომ ემირეითსზე რთული იქნებოდა, თუმცა თამაში იყო დაბალი ინტენსივობის, ურიტმო, უგოლო და ვიტყოდი, რომ მოსაბეზრებელიც.
ჰიულმანდმა ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ ვერ მოახერხა მისმა გუნდმა რიტმის პოვნა:
თამაში ხშირად წყდებოდა, განსაკუთრებით სტანდარტული მდგომარეობების დროს, რასაც დიდი დრო მიჰქონდა. როცა რიტმს ვპოულობდით, ბევრ მომენტს ვქმნიდით. სიმართლე თუ გინდათ, მოსაგებად საკმარისი მომენტები მაინც ვერ შევქმენით.
სპორტინგის მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟესმა კი თავისი ფეხბურთელები შეაქო:
ვამაყობ თითოეული მოთამაშით. ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით, მინიმუმ დამატებით დროს. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ასეთი ბრძოლა საოცარი იყო. ჩვენ საუკეთესო შანსები გვქონდა, არსენალს კი ჩვენს საჯარიმოში ბევრი არაფერი შეუქმნია არც აქ და არც ლისაბონში.