ბაიერნის მცველმა, იოსიპ სტანიშიჩმა, რეალ მადრიდთან დრამატული გამარჯვების (4:3) შემდეგ, ანტონიო რუდიგერის მისამართით მწვავე ბრალდებები გააჟღერა.
ინციდენტი პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა, როდესაც გერმანელმა მცველმა სტანიშიჩს იდაყვი ჩაარტყა, რასაც მალევე კილიან მბაპეს გოლი და რეალის დაწინაურება (3:2) მოჰყვა.
სტანიშიჩის თქმით, რუდიგერმა მასზე არა მხოლოდ ფიზიკურად იძალადა, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა, როცა ის გაზონზე მტკივნეული დარტყმისგან იკლაკნებოდა.
„რაც მოხდა, როცა მიწაზე ვიწექი, შეგიძლიათ თავად ტონის ჰკითხოთ. ჩემი აზრით, ასეთი საქციელი სრულიად მიუღებელია. მან ერთი კონკრეტული სიტყვა ორჯერ გამოიყენა. იქნებ ეყოს კაცობა და თავად აღიაროს, რა თქვა!“ - განაცხადა გაბრაზებულმა სტანიშიჩმა მატჩის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ რუდიგერმა ბოლო დროს ინტერვიუებში აღნიშნა, რომ შეიცვალა და მოედანზე სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს, სტანიშიჩთან ეპიზოდმა საპირისპირო აჩვენა. ხორვატი მცველი შესვენებაზე კომპანიმ სწორედ ამ ინციდენტის და ყვითელი ბარათის გამო შეცვალა, რათა ის გაძევებისგან დაეცვა.
აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდს კიდევ ერთი მძიმე შედეგი მოჰყვა ბაიერნისთვის: მსაჯის გადაწყვეტილებით აღშფოთებულმა კომპანიმ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც იგი პსჟ-სთან ნახევარფინალის პირველ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.