რეალ მადრიდის ვარსკვლავი, ჩუამენი, სანტიაგო ბერნაბეუზე ბოლო ორი სეზონის განმავლობაში არსებულ სირთულეებზე ალაპარაკდა.
ფრანგი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში გუნდის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მოთამაშედ მიიჩნევა, რაც მკვეთრად განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, რომელშიც ის 18 თვის წინ იყო.
ბლანკოსი უკვე მეორე სეზონია ადაპტირდება ნახევარდაცვაში ტონი კროოსის დანაკლისთან და მოსალოდნელი იყო, რომ ჩუამენი ერთ-ერთი ის მოთამაშე იქნებოდა, რომელიც მის არყოფნაში ლიდერობას იტვირთებდა. თუმცა, იმ სეზონში, როდესაც რეალ მადრიდი ტრავმებსა და არასტაბილურობას ებრძოდა, ჩუამენი იძულებული გახდა ხშირად დაცვაში ეთამაშა, პოზიციაზე, სადაც მას გაუჭირდა.
გარკვეულ ეტაპზე კრიტიკამ იმ ნიშნულს მიაღწია, რომ ბერნაბეუზე მას სტვენით ხვდებოდნენ, ხოლო მედიაში საუბრობდნენ იმაზე, რომ ის, შესაძლოა, ზაფხულში გაეყიდათ. „Pivot Podcast“-თან საუბრისას, ჩუამენიმ თქვა, რომ ის გუნდის პრობლემებში მთავარ დამნაშავედ გამოიყვანეს.
განტევების ვაცად მაქციეს. პირველი 10-20 წუთის განმავლობაში, სტადიონი მისტვენდა ყოველ ჯერზე, როცა ბურთს ვეხებოდი. ეს სიტუაცია ან განადგურებს, ან ფიქრობ: „ეს ასეა“, მოდი ვნახოთ, რისი კონტროლი შემიძლია და ერთადერთი, რისი კონტროლიც შემიძლია, ჩემი თამაშია. რეალ მადრიდში წნეხის დონე სულ სხვა რამეა. ხალხი ყველაფერზე ილაპარაკებს, რასაც აკეთებ, იქნება ეს კარგი თუ ცუდი
მიუხედავად ამისა, ჩუამენიმ გვირაბის ბოლოს სინათლე დაინახა. ის განმარტავს, რომ ამ ყველაფერმა ის მენტალურად გააძლიერა.
ყველა ჩემზე ლაპარაკობდა, ჩემს სათამაშო სტილზე. ერთი-ორი წლის წინ ცუდი მოთამაშე ვიყავი, სტადიონზე მისტვენდნენ, ასე რომ ვიგრძენი, რომ ბევრი რამ გამოვიარე და ეს ნამდვილად დამეხმარა მენტალურად. ახლა ვიცი, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ხალხი მაინც ილაპარაკებს, ამიტომ უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევ. რეალ მადრიდში თამაში სპორტის ყველაზე დიდი სცენაა: წნეხი პრივილეგიაა
„შემდეგი ნაბიჯი თამაშის შეწყვეტაა“ – ჩუამენი რასისტულ შეურაცხყოფაზე
სეზონის ყველაზე დამთრგუნველი მომენტი რეალ მადრიდის პერსპექტივიდან იყო რასისტული შეურაცხყოფა, რომელიც ვინისიუს ჟუნიორმა ჩემპიონთა ლიგაზე, ბენფიკასთან მატჩის დროს განიცადა. ჩუამენიმ თქვა, რომ თუ ეს კიდევ განმეორდება, მისი გუნდი მოედანს დატოვებს.
მათ მას მაიმუნი უწოდეს. ვგრძნობ, რომ შემდეგი ნაბიჯი თამაშის შეწყვეტა იქნება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მსგავსი სცენები კიდევ განმეორდეს