ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა პიკს აღწევს.
დღეს, სტემფორდ ბრიჯზე ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი პრინციპულ დაპირისპირებაში შეხვდებიან ერთმანეთს. ორივე გუნდი ამ მატჩს მტკივნეული მარცხის შემდეგ ხვდება, რაც შეცდომის ფასს კიდევ უფრო ზრდის - ქულების დაკარგვა სეზონის დასასრულს ორივე კლუბისთვის საგრძნობლად გაართულებს.
ჩელსი: კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში
ლიამ როსენიორის გუნდი რთულ პერიოდს გადის. პრემიერ ლიგის ბოლო შვიდ ტურში „ლურჯებმა“ მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს. მანჩესტერ სიტისთან წინა ტურში განადგურებამ (0:3) გუნდის ამბიციებს დიდი დარტყმა მიაყენა. ჩელსი ახლა არა მხოლოდ კონკურენტების დაწევას, არამედ ცხრილში პოზიციების შენარჩუნებასაც ცდილობს.
მიუხედავად ჩავარდნისა, ჩელსი შინ იუნაიტედთან ტრადიციულად კარგად თამაშობს - ბოლო 12 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი წაგება პრემიერ ლიგაში. გუნდს უბრუნდება ენცო ფერნანდესი, რომელიც შეტევების ორგანიზებაში საკვანძო ფიგურაა. განსაკუთრებული ყურადღება კი ალეხანდრო გარნაჩოსკენ იქნება მიპყრობილი, რომლისთვისაც ეს მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მეტად პრინციპულია.
მანჩესტერ იუნაიტედი: საკადრო პრობლემები და დაცვის ხაზის კრიზისი
არც მაიკლ კარიკის გუნდია იდეალურ განწყობაზე. ლიდსთან მარცხმა (1:2) არა მხოლოდ წარმატებული სერია შეწყვიტა, არამედ დაცვაში არსებული პრობლემებიც გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ „წითელი ეშმაკები“ ლიდერთა შორის რჩებიან, კონკურენცია საუკეთესო ხუთეულისთვის იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი ფეხის დაცდენა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
იუნაიტედისთვის მთავარი საფიქრალი დაცვის ცენტრია, სადაც რამდენიმე საკვანძო მოთამაშე ტრავმირებულია. შეტევაში კი მთელი იმედი ბრუნო ფერნანდეშზეა, რომელიც ასისტების ისტორიულ რეკორდთან ძალიან ახლოსაა.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჩელსი: სანჩესი - გუუსტო, ფოფანა, გატო, კუკურელია - კაისედო, ანდრეი სანტოსი - პალმერი, ენცო ფერნანდესი, პედრუ ნეტუ - ჟოაო პედრო.
მანჩესტერ იუნაიტედი: ლამენსი - დალო, შოუ, ჰევენი, მაზრაუი - კაზემირო, მეინუ - ამადი, ბრუნო ფერნანდეში, კუნია - მბიუმო.