არსენალმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სპორტინგის ბარიერი გადალახა და ზედიზედ მეორედ გავიდა ნახევარფინალში.
მიუხედავად იმისა, რომ საპასუხო შეხვედრა ემირეითსზე უგოლო ფრით დასრულდა, მიკელ არტეტას გუნდმა ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის შემდეგ დეკლან რაისმა TNT Sports-თან საუბრისას კლუბის ირგვლივ არსებულ ხმაურსა და კრიტიკას უპასუხა. ბოლო დროს ბორნმუთთან მარცხმა და შიდა თასებიდან გამოთიშვამ გუნდზე წნეხი გაზარდა, თუმცა რაისი პოზიტივს ინარჩუნებს.
„ვის ადარდებს, რას ფიქრობს ხალხი? მთავარია, რას ფიქრობს ეს გუნდი და მწვრთნელი. ჩვენ ნახევარფინალში ვართ და ეს საოცარი მიღწევაა. ახლა გვსურს შარშანდელზე შორს წავიდეთ და ფინალში ვითამაშოთ“, - განაცხადა რაისმა.
ნახევარმცველმა ასევე განმარტა, თუ რატომ უჭირს არსენალს ბოლო დროს გოლების გატანა: „გუნდების უმეტესობა ჩვენს წინააღმდეგ 5-4-1 ტაქტიკით თამაშობს, რაც სივრცეებს ზღუდავს. ჩვენი მოვალეობაა, ვიპოვოთ გზები ამ ბარიერის გასარღვევად. არსენალში თამაშს ყოველთვის ახლავს კრიტიკა, მაგრამ ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ“.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არსენალი ატლეტიკო მადრიდს დაუპირისპირდება. პარალელურად, გუნდი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლასაც აგრძელებს, სადაც კვირას უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ.