-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ სიტიმ ერლინგ ჰალანდის გოლით 2:1 მოიგო და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა (ერთით ნაკლები მატჩის პირობებში), ლინეკერი მიკელ არტეტას გუნდის მომავალს ოპტიმისტურად უყურებს.
ლონდონელებს წინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი აქვთ მადრიდის ატლეტიკოსთან და კვლავ რჩებიან პრემიერ ლიგის ტიტულის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად. პოდკასტში Rest is Football საუბრისას ლინეკერმა უარყო მოსაზრება, თითქოს არტეტას გუნდი გადამწყვეტ მომენტში გატყდა.
გამორიცხული არ არის, რომ ყველაფერი ბურთების სხვაობამ გადაწყვიტოს, რადგან გუნდები ძალიან ახლოს არიან. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ეს შესანიშნავია, რადგან გინდა, რომ ინტრიგა ბოლო წუთამდე შენარჩუნდეს. არსენალისთვის ეს რთული პერიოდია, მაგრამ ისინი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არიან და პრემიერ ლიგის მოგებაც ჯერ კიდევ შეუძლიათ
ყოფილმა ფორვარდმა ხაზი გაუსვა გუნდის ბრძოლისუნარიანობას ეთიჰადზე:
ბევრი იტყვის, რომ არსენალი ჩაიფუშა, მაგრამ ეს სეზონი მათთვის მაინც შეიძლება ისტორიული გახდეს. მე არ ვაპირებ იმ ადამიანებს შევუერთდე, ვინც ამბობს, რომ მათ ყველაფერი წყალში გადაყარეს. მათ აჩვენეს ხასიათი და ყველაფერი სხვაგვარადაც შეიძლება დასრულებულიყო
პრემიერ ლიგის ლეგენდა ალან შირერი მიიჩნევს, რომ მთავარი ზიანი გუნდს არა მანჩესტერში, არამედ ერთი კვირის წინ, ბორნმუთთან მარცხისას (1:2) მიადგა.
სად იყო ეს ენერგია ბორნმუთთან? სად იყო ეს შემტევი არსენალი? ვფიქრობ, სწორედ წინა უქმეებზე დაფიქსირებული შედეგი დაუჯდებათ მათ ტიტულად და არა ეს მატჩი. სიტისთან ისინი მართლაც კარგები იყვნენ, ბევრი მომენტი შექმნეს და ჩემპიონებს ღირსეულად დაუპირისპირდნენ. თუმცა, ახლა ფავორიტი უკვე მანჩესტერ სიტია
თუ ოთხშაბათს მანჩესტერ სიტი ბარნლის ორი ბურთის სხვაობით დაამარცხებს, ისინი ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლებენ. ლონდონის არსენალი კი შაბათს ნიუკასლ იუნაიტედს უმასპინძლებს. შირერი ვარაუდობს, რომ სეზონის ფინიშზე დრამა კიდევ ბევრჯერ განმეორდება:
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობს სიტი ბოლო კვირებში, ისინი ფავორიტები არიან, თუმცა მაინც არ მგონია, რომ ორივე გუნდმა დარჩენილი ყველა მატჩი მოიგოს. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ერთი-ორი მოულოდნელი შემობრუნება გველის

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები