მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, უეინ რუნიმ, არსენალის გულშემატკივრები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საჩემპიონო რბოლაში ფანების მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
19 აპრილს მანჩესტერ სიტისთან მარცხის (1:2) შემდეგ, რუნიმ გაიხსენა ბორნმუთთან მატჩიც, როდესაც ლონდონელმა ფანებმა საკუთარ გუნდს დაუსტვინეს.
„ვფიქრობ, არსენალის ფანები უკეთესები უნდა იყვნენ. ვნახე, როგორ უსტვენდნენ გუნდს ბორნმუთთან მატჩისას. არსენალი მთელი სეზონი ბრწყინვალე იყო, ახლა კი უბრალოდ მცირე ჩავარდნა აქვთ. ფანებმა უნდა გაიგონ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა მოთამაშეებისთვის.
ფეხბურთელები ყოველდღიურად უდიდეს შრომას დებენ ვარჯიშებზე, რომ ამ პოზიციამდე მივიდნენ. როცა აგებ და გისტვენენ, ეს მოთამაშეებზე ცუდად მოქმედებს. თუ არსენალს პრემიერ ლიგის მოგება სურს, გულშემატკივრებმა თავიანთი როლი უნდა შეასრულონ.
ბოლო წლებში იუნაიტედს რთული პერიოდი ჰქონდა ერიკ ტენ ჰაგისა და რუბენ ამორიმის ხელში, თუმცა ფანები ბოლომდე მწვრთნელების მხარეს იყვნენ. ისინი მუდმივად მღეროდნენ და გუნდს მხარს უჭერდნენ, სტვენა ძალიან იშვიათი იყო.
არსენალი მთელი სეზონი ლიდერობდა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ბორნმუთთან წააგო და დაუსტვინეს? ფანები მოთამაშეებს უკეთ უნდა მოეპყრონ, რადგან ეს 100%-ით ტკენს ფეხბურთელებს“, - განაცხადა რუნიმ.