სანამ საფეხბურთო სამყარო მოლოდინის რეჟიმშია და ელოდება, სად ითამაშებს ლიონელ მესი მომავალ სეზონში, მისმა ერთ-ერთმა ყველაზე ერთგულმა თანამებრძოლმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო. არგენტინის ნაკრების გამოცდილმა მცველმა, ნიკოლას ოტამენდიმ დაადასტურა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მისი სანაკრებო კარიერის ბოლო აკორდი იქნება.
მსოფლიო ჩემპიონმა და არგენტინის დაცვის ბურჯმა, რომელიც ამჟამად ბენფიკას ღირსებას იცავს, საკუთარ მომავალზე "ალბისელესტესთან" ერთად ღიად ისაუბრა:
"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში ჩემი ციკლი დასრულდება. ეს ჩემი ბოლო მუნდიალია, ამის შემდეგ კი გუნდის რიგითი გულშემატკივარი ვიქნები."
38 წლის მცველს კარგად ესმის, რომ სანაკრებო კარიერა პიკზე უნდა დაასრულოს, მსოფლიო ფორუმზე უკეთესი სცენარი კი ამისთვის წარმოუდგენელია. რაც შეეხება მის საკლუბო მომავალს, აქ ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია. ოტამენდის ბენფიკასთან კონტრაქტი ივნისში ეწურება და მას ხშირად უკავშირებენ რივერ პლეიტს, რაზეც ფეხბურთელი მოკლედ პასუხობს: "ვნახოთ".
ოტამენდის გადაწყვეტილებას ენცო ფერნანდესი გამოეხმაურა. ჩელსის კაპიტანმა ხაზი გაუსვა ნიკოლასის მნიშვნელობას გუნდისთვის:
"ოტამენდი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, განსაკუთრებით ჩემთვის. ის ბენფიკაში ძალიან დამეხმარა. თუ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, ჩვენღა დაგვრჩენია, მასთან ერთად გატარებული ბოლო თვეებით მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ."
ენცომ ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავინ იცის, იქნება თუ არა ეს მუნდიალი ლეოსთვის ბოლო, ამიტომ გუნდი ცდილობს ყოველი მომენტით დატკბეს, სანამ ლეგენდარული ათიანი მათ გვერდითაა. მსგავსი პოზიცია აქვს ალექსის მაკ ალისტერსაც, რომელმაც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის გამო ფინალისიმა არ შედგა.