-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტისა და ბლაუგრანას ლეგენდა მიიჩნევს, რომ მოზარდი ფლობს იმ იშვიათ ნიჭს, რომელიც კამპ ნოუზე ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელის, ლიონელ მესის წასვლის შემდეგ არავის ჰქონია.
იამალმა დებიუტის დღიდან საფეხბურთო სამყარო დაიპყრო და ბარსელონას ახალი ეპოქის უდავო სიმბოლოდ იქცა. აგუერო თვლის, რომ ის უკვე საუკეთესოა თავის საქმეში და ფლობს უნიკალურ უნარს, იოლად დააღწიოს თავი მეტოქის მჭიდრო დაცვას.
Stake-თან საუბრისას აგუერომ 18 წლის ფეხბურთელის სწრაფი პროგრესით აღფრთოვანება ვერ დამალა:
ბევრი ადამიანი სხვადასხვა შედარებებს აკეთებს, მაგრამ როგორც მოთამაშე და ჩემს საფეხბურთო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ის ერთ-ერთია, ვინც საუკეთესოებს შორისაც კი საუკეთესოა. კარგი და ცუდი მატჩები ჩვეულებრივი ამბავია, მინდა, ყველამ უყუროს მას. მოძრაობები, პასები, დრიბლინგი, მისი სისწრაფე და ის, თუ როგორ გამოდის შეუძლებელი სიტუაციებიდან.. ადრე ამას მხოლოდ ლეო მესი აკეთებდა
მიუხედავად იმისა, რომ აგუერო იამალის უპირატესობაში დარწმუნებულია, მან აღიარა, რომ კილიან მბაპე შესაძლოა ერთადერთი იყოს, ვისაც ამჟამად ესპანელის ტახტისთვის ბრძოლა შეუძლია. ბევრი ექსპერტი რეალ მადრიდის გალაქტიკოს კვლავ პლანეტის ყველაზე გამანადგურებელ თავდამსხმელად მიიჩნევს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 70-გოლიან ნიშნულს ყველაზე სწრაფად მიაღწია.
დღეს ჩემთვის შედარება არ არსებობს. ლამინი ბევრ მოთამაშეზე მაღლა დგას. შესაძლოა დღეს მბაპე დაასახელოთ, ჩვენ ვიცით როგორი მოთამაშეცაა ის: ძალიან აგრესიულია ერთი ერთზე თამაშისას, გააქვს გოლები და საოცარია. თუმცა ლამინს სხვა თვისებები აქვს, რაც ბევრს არ გააჩნია. მე მომწონს მისი მოკლე პასები და გადაწყვეტილებები.. ისინი განსხვავებულია. ლამინის შეჩერება ძალიან რთულია
ციფრები აგუეროს სიტყვებს ადასტურებს. იამალი მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურ ფორმაშია. ყველა ტურნირზე მან 23 გოლი და 18 საგოლე გადაცემა მიითვალა. მოზარდისგან ასეთმა შედეგიანობამ ბუნებრივად გამოიწვია პარალელები მესისთან. აგუერო ამბობს, რომ სიტყვები არ ეყო, როცა ლა მასიას აღზრდილი პირველ გუნდში იხილა.
როცა ბარსას ყურება დავიწყე მისი გამოჩენის შემდეგ, არ მქონდა სიტყვები ამის აღსაწერად. მას აქვს ტალანტი, რომლის პოვნაც ძალიან რთულია. მისით უნდა ისიამოვნო
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა დასრულდა, იამალი და ბარსელონა შიდა ასპარეზზე ტიტულთან ახლოს არიან. ჰანსი ფლიკის გუნდი ცხრილს 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ოთხშაბათს სელტა ვიგოს დაუპირისპირდება. მოსალოდნელია, რომ იამალი კვლავ ცენტრალური ფიგურა იქნება ლა ლიგის გვირგვინის შესანარჩუნებლად.

თამარ თაბუკაშვილი
კომენტარები