-
Aa
+
ფონტის ზომა
2006 წლის 25 აპრილს, ესტადიო დე ლა სერამიკაზე წამით ყველაფერი გაიყინა. 90-ე წუთზე, მსაჯის სასტვენის მომლოდინე ხუან რომან რიკელმემ ბურთს აკოცა და თერთმეტმეტრიანის ნიშნულზე დადო. არგენტინელის დარტყმული იენს ლემანმა მოიგერია - ისტორიაში პირველად არსენალი უდიდესი ევროპული ტურნირის ფინალში გავიდა.
იენს ლემანი იგერიებს რიკელმეს პენალტს
90-ე წუთზე. 2006.
გერმანელი კიპერის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. ლემანი პარიზში გამართული ფინალური მატჩის მე-18 წუთზე გააძევეს მოედნიდან - არსენალის მეკარემ მასთან პირისპირ გასული სამუელ ეტოო წააქცია.
კაცნაკლულობის მიუხედავად, მეთოფეები ბარსელონასთან სოლ კემბელის გოლით დაწინაურდნენ. ლონდონელებმა საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხეს. თამაშში გარდატეხა ფრენკ რაიკაარდის ცვლილებებმა მოახდინა - შეცვლაზე შემოსულმა ჰენრიკ ლარსონმა ჯერ სამუელ ეტოოს გაატანინა, შემდეგ კი ასევე ცვლილებაზე შემოსულ ჯულიანო ბელეტის.
თქვენ სულ რონალდინიოზე საუბრობთ, მაგრამ მე დღეს რონალდინიო ვერ დავინახე, მე ჰენრიკ ლარსონი დავინახე, ის საკვანძო იყო თამაშში
ტიერი ანრი ფინალის შემდეგ.
ტიერი ანრი ჩემპიონთა ლიგის
ფინალის წაგების შემდეგ. 2006.
პარიზის ფინალის შემდეგ არსენალისთვის მძიმე პერიოდი დაიწყო. ვენგერის ტიტულოვანმა გუნდმა რვა წელი გაატარა უტიტულოდ. ამ დროის განმავლობაში გუნდი არაერთმა ლიდერმა დატოვა: ანრი და ფაბრეგასი ბარსელონას შეუერთდნენ, ეშლი კოული ჩელსის. რობინ ვან პერსიმ კი პრემიერ ლიგის მოსაგებად მანჩესტერ იუნაიტედს მიაშურა.
რობინ ვან პერსი არსენალის მანჩესტერ
იუნაიტედისთვის მოწყობილ საპატიო
დერეფანში. 2013.
არსენალის რვაწლიანი გვალვა 2014 წელს დასრულდა - მეთოფებმა ასოციაციის თასის ფინალში ჰალ სიტი 3:2 დაამარცხეს. 2017/18 წლების სეზონის ბოლოს კი ჩრდილოეთ ლონდონში უდიდესი ეპოქა დასრულდა - 22 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ არსენ ვენგერმა კლუბი დატოვა. ამ ოთხი სეზონის განმავლობაში, მეთოფეებმა კიდევ ორი ასოციაციის თასისა და ორი ქომუნითი შილდის მოგება მოახერხეს.
არსენ ვენგერი აღნიშნავს ჩელსის
წინააღმდეგ მოგებულ ასოციაციის თასს. 2017
2018 წელს არსენალი უნაი ემერიმ ჩაიბარა და მეთოფეები ევროპა ლიგის ფინალში ათამაშა - ბაქოში გამართულ დაპირისპირებაში არსენალი ჩელსისთან 1:4 განადგურდა. ესპანელი თანამდებობიდან 2019 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს, დროებით მწვრთნელად კი კლუბის ლეგენდა, გრედი ლუნგბერგი დანიშნეს.
ჩელსი 4:1 არსენალი.
ევროპა ლიგის ფინალი. 2019.
2019 წლის 22 დეკემბერს, ჩრდილოეთ ლონდონში ახალი ეპოქა დაიწყო - არსენალის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა გახდა - არსენალმა პირველივე სეზონში მოიგო ასოციაციის თასი, ზაფხულში კი არტეტამ ქომუნითი შილდის ფინალში ლივერპული დაამარცხა.
პიერ ემერიკ ობამეიანგი ასოციაციის თასით
ხელში. არსენალი 2:1 ჩელსი. 2020.
ბუკაიო საკა, მარტინ ედეგორი, დეკლან რაისი და სხვა, ახალი ლიდერებით, არტეტას არსენალი ინგლისის მასშტაბით კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოყალიბდა. 2022/23 წლების სეზონში მეთოფეები ძალიან ახლოს იყვნენ ნანატრი პრემიერ ლიგის მოგებასთან - ასევე ბოლო ტურებში გაანიავეს საჩემპიონო შანსი 2024 წელს. მტკივნეულ სეზონებს შორის არსენალმა კიდევ ერთი ქომუნითი შილდი მოიგო - არტეტამ ფინალში ყოფილი მენტორი, პეპ გვარდიოლა დაამარცხა.
არსენალი 0:2 ასტონ ვილა. 2024.
გასულ სეზონში არსენალი 19 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში - მეთოფეებმა ორივე მატჩი დათმეს ტურნირის ტრიუმფატორ პარი სენ-ჟერმენთან.
ერთი წლის შემდეგ არტეტას გუნდმა კვლავ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ამჯერად ყველაფერი მეთოფეთა სასიკეთოდ დასრულდა - არსენალმა ორი მატჩის ჯამში მადრიდის ატლეტიკო 2:1 დაამარცხა და ოცი წლის შემდეგ ევროპის უმაღლესი სცენის ფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა.
არსენალი აღნიშნავს ჩემპიონთა ლიგის
ფინალში გასვლას. 2026.
სანამ არტეტა და მისი გუნდი 30 მაისს, ბუდაპეშტში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებენ, მანამდე შიდა ასპარეზზე დარჩენილი საქმეა ბოლომდე მისაყვანი - პრემიერ ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, არსენალი ცხრილის სათავეშია და 22-წლიანი ლოდინის დასრულებასთან ძალიან ახლოსაა.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები