Sky Germany-ს ინფორმაციით, არსენალი პსჟ-ს შემტევის, ბრედლი ბარკოლას შეძენით ძალიან არის დაინტერესებული.
მიკელ არტეტას სურს, რომ შეტევის ხაზს მსოფლიო დონის ძალა შემატოს, მით უმეტეს, რომ ზაფხულში გუნდი შესაძლოა გაბრიელ მარტინელიმ ან ლეანდრო ტროსარმა დატოვონ.
მიუხედავად იმისა, რომ ბარკოლას სათამაშო დროის გაყოფა ხვიჩა კვარაცხელიასთან უწევს, მან მიმდინარე სეზონში 45 მატჩში 12 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში მას კიდევ უფრო შთამბეჭდავი მაჩვენებელი - 64 შეხვედრაში 42 საგოლე მოქმედება ჰქონდა.
არსენალი იმედოვნებს, რომ ფრანგი ფეხბურთელის სათამაშო დროით უკმაყოფილებას გამოიყენებს და მას ლონდონში გადასვლაში დაარწმუნებს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, თუმცა მეთოფეებს სერიოზული კონკურენცია ელით ბარსელონასა და ლივერპულის მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ ბარკოლას კონტრაქტი 2028 წლამდეა და პარიზული კლუბი მის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას მოითხოვს. 23 წლის ფეხბურთელი, რომელსაც შეტევის ორივე ფლანგზე თანაბარი წარმატებით თამაში შეუძლია, მიჩნეულია იმ საკვანძო ფიგურად, რომელიც არსენალს პრემიერ ლიგასა და ევროპაში დომინაციისთვის სჭირდება.