ბრიტანული Independent-ის ჟურნალისტი, მიგელ დილეინი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ არსენალის ინტერესზე სტატიას აქვეყნებს.
,,ზაფხულში მოსალოდნელი სერიოზული გადახალისების ფონზე, არსენალი პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს განიხილავს.
ცნობილია, რომ პსჟ-ის ვარსკვლავის გარემოცვა ამ იდეის მიმართ ღიაა, თუმცა კატარული მფლობელობის მქონე კლუბი ბუნებრივად მკაცრ პოზიციას დაიკავებს ფეხბურთელზე, რომელსაც მათი მიმდინარე პროექტის ერთ-ერთ მთავარ მარგალიტად მიიჩნევს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ არსენალს ზაფხულში გაყიდვებიც სურს და არ გამორიცხავს რომელიმე წამყვანი მოთამაშის გაშვებას, რაც კლუბს მეტ ფინანსურ მოქნილობას მისცემს პრემიერ ლიგის ფინანსური რეგულაციების პირობებში.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრანსფერები მხოლოდ გაყიდვებით შემოიფარგლება. შესაძლოა კლუბმა ერთდროულად რამდენიმე მოთამაშე გაყიდოს და იყიდოს, რათა მიკელ არტეტას შემადგენლობაში გარკვეული კორექტირებები შეიტანოს.
განსაკუთრებული ყურადღება შესაძლოა შეტევას მიექცეს. კვარაცხელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ჩელსის წინააღმდეგ 3 გოლი გაიტანა, განიხილება როგორც ფეხბურთელი, რომელიც გუნდს მეტ ინდივიდუალურ კრეატიულობას შემატებს და საერთო დონესაც აამაღლებს.
თუმცა ნებისმიერი შესაძლო გარიგება ძალიან რთულად მიიჩნევა - ისევე, როგორც შარშან, როცა 25 წლის ფეხბურთელი ნაპოლიდან პსჟ-ში გადავიდა.
თავად კვარაცხელიამაც გასულ თვეში მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ბედნიერია ევროპის ჩემპიონ კლუბში ყოფნით და სურს, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდეს.
ეს მაინც არ განიხილება როგორც გადაულახავი ბარიერი, რადგან მისი გარემოცვა მზადაა სხვა ვარიანტებიც განიხილოს.
პსჟ-ში არსებული წყაროები კი ამტკიცებენ, რომ იგი პრაქტიკულად „ხელშეუხებელ“ ვარსკვლავად ითვლება.
ცნობილია, რომ არტეტა ასევე დიდად აფასებს მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელ ხულიან ალვარესს, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს პერსპექტივა, რომ არსენალი მინიმუმ 100 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ესპანური კლუბი ითხოვს.“ - წერია სტატიაში.
ხვიჩა კვარაცხელია არსენალში? - ჯო კოული ქართველი ვარსკვლავის ტრანსფერზე