არსენალმა სენტ მერის სტადიონზე, საუთჰემპტონთან ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ მატჩში დამარცხდა.
პირველ ტაიმში მარტინ ოდეგორმა ბურთი დაკარგა, ბენ უაითმა კი არასწორად გათვალა ბურთის ტრაექტორია. შოტლანდიელმა თავდამსხმელმა, როს სტიუარტმა, ამით ისარგებლა და კეპას კარი დალაშქრა.
მეორე ტაიმში თამაშში ვიქტორ გიოკერეში ჩაერთო, რომელმაც შვედეთის ნაკრებში გატანილი ოთხი გოლის შემდეგ, აქაც გამოიჩინა თავი და ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს შეა ჩარლზმა გამარჯვების გოლი გაიტანა და მასპინძლებს ნახევარფინალის საგზური მოუპოვა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა რიგებში თავი არავის გამოუჩენია, განსაკუთრებული კრიტიკა ორ მოთამაშეს დაატყდა. სოციალურ ქსელებში ფანებმა ბენ უაითი და მარტინ ოდეგორი, რომლებიც პირველ გაშვებულ გოლში იყვნენ დამნაშავენი, „დამთავრებულებად“ (finished) მოიხსენიეს.
უაითს, რომელიც ინგლისის ნაკრებში სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, საკუთარმა ფანებმა სტვენით უპასუხეს. მისი შეცდომა სტიუარტის გოლისას საბედისწერო აღმოჩნდა. ერთ-ერთი ფანი X-ზე წერდა: „ბენ უაითი სეზონის ბოლომდე სასტარტოში აღარ უნდა გამოჩნდეს." სხვა გულშემატკივარი კი ოდეგორს აკრიტიკებდა: „ეს ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ოდეგორმა მარჯვენა ფეხის გამოყენებაზე უარი თქვა, უაითი კი დაცვაში ზარმაცი იყო“.