კოულ პალმერმა განაცხადა, რომ ჩელსის კაპიტნობა მისთვის საამაყო მომენტი იყო.
რის ჯეიმსისა და ენცო ფერნანდესის არყოფნაში, პალმერი კაპიტნად დასახელდა ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ მატჩში, სადაც ჩელსიმ პორტ ვეილი ანგარიშით 7:0 გაანადგურა.
23 წლის ფეხბურთელმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კაპიტნის სტატუსით ჩელსისთვის ასეთ წარმატებულ საღამოს მიიღო მონაწილეობა. ლიამ როსენიორის გუნდმა ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ ძალები აღიდგინა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და უემბლიზე გასამართი ნახევარფინალის საგზური დაჯავშნა.
პალმერმა იმედი გამოთქვა, რომ ჩელსი ამ გამარჯვებას სეზონის გადამწყვეტ ფაზაში მოტივაციის მისაღებად გამოიყენებს:
დიდი ხანი ველოდი, კაპიტნობა საამაყო მომენტი იყო. სიამოვნება მივიღე, კარგი დღე გამოდგა. გამარჯვება გვჭირდებოდა. სანაკრებო პაუზამდე რთული ოთხი მატჩი გვქონდა, ამიტომ უემბლიზე ნახევარფინალში გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ გოლების გატანაში ყველა ჩაერთო. თამაშის შემდეგ ყველა იცინოდა და ხუმრობდა. ვფიქრობ, ეს ყველას მოტივაციას შემატებს. თამაში, მოგება და გოლების გატანა ყველასთვის კარგია. მოგების გემოს დაბრუნება სასიამოვნო იყო და იმედია, ამ განწყობას მანჩესტერ სიტისთან მატჩისთვისაც შევინარჩუნებთ.