არსენალმა ინგლისის საჩემპიონო რბოლაში მძიმე დარტყმა მიიღო.
მიკელ არტეტას გუნდი საკუთარ მოედანზე მოულოდნელად დამარცხდა მე-13 ადგილზე მყოფ ბორნმუთთან, ანგარიშით 1:2. ამ დროისთვის პრემიერ ლიგის ლიდერ არსენალსა და მეორეადგილოსან მანჩესტერ სიტის შორის სხვაობა ცხრა ქულას შეადგენს, თუმცა სიტის ორით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. აქედან პირველ შეხვედრას ქალაქელები კვირას, სტუმრად ჩელსის წინააღმდეგ გამართავენ.
პირველივე რეალური მომენტი გოლით დასრულდა. არსენალს თამაშის გამოსწორება გაუჭირდა. კაი ჰავერტცმა დეკლან რაისის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთი კარს გადააცილა, სხვა მხრივ კი მასპინძლები მეტოქის კართან საფრთხეს ვერ ქმნიდნენ.
ნახევარი საათის თავზე არსენალმა პენალტის უფლება მოიპოვა, როდესაც რაიან კრისტიმ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა. თერთმეტმეტრიანი ვიქტორ ჯოკერესმა ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა.
მიუხედავად გათანაბრებისა, მეთოფეების თამაში მაინც ინერტული იყო.
მეორე ტაიმში არსენალმა ბოლოს და ბოლოს დაიწყო მომენტების შექმნა. დეკლან რაისის დარტყმული პეტროვიჩმა მოიგერია და ბურთი ხარიხას გასცდა, ხოლო ჯოკერესის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. ბორნმუთმა იგრძნო, რომ შანსი ჰქონდა და მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ალექს სკოტმა ანგარიში 1:2 გახადა.
დარჩენილ დროში არსენალი მთელი ძალებით გადავიდა შეტევაზე, თუმცა ჯოკერესისა და შეცვლაზე შესული გაბრიელ ჟესუსის გაფლანგული მომენტები გუნდს ძვირად დაუჯდა. იმედგაცრუებას ისიც დაემატა, რომ შვედმა ფორვარდმა ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მანჩესტერ სიტისთან მომავალ გადამწყვეტ დაპირისპირებას გამოტოვებს.