გუშინწინდელ ამბავს გიყვებით:
ქუჩის ბოლოს, მგონი სულაც ჩიხში, იდგა სამი კაცი და ჩხუბობდა.
ერთი იყო მაღალი, ქერა, მსხვილძვლიანი და ეცვა მადრიდის რეალის მაისური. თეთრი, ოდნავ დასვრილი. მეორე იყო ჩია, შავგვრემანი და ემოსა ატლეტიკოსი - შეუიარაღებელი თვალით სუფთა. მესამე იყო წვრილი, მაგრამ ღონეც ეტყობოდა მკლავებში. ის იყო ბარსელონას შესამოსელში. ყვიროდნენ. უფრო პოეტურადაც შეგვიძლია ვთქვათ: მათი სხეულები ახლოს იყო ერთმანეთთან, მაგრამ გულები, როგორც ჩანს, შორი-შორს.
აგებულებით, განლაგებითა და ურთიერთმზერით ვიღაცებს მაგონებდნენ, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი ვის.
მართალია კინკლაობდნენ, მაგრამ მტრებს არ ჰგავდნენ. სასულე ორკესტრივით უბერავდნენ. ჯერ ერთი დაიწყებდა და ნელ-ნელა ხურდებოდა. „ფესვებში“ რომ ამბობს ჟორჟ ზაქარეიშვილი, გახსოვთ? გლახუნა ჯაში მოკრიმანჭულე იყოო, ჩიბათში რომ დაიწყებდა დაბალ ხმაზე, ოზურგეთამდე უწევდა და უწევდაო. ეგრე იყო. დანარჩენი ორი ხმადაბლა აგრძელებდა დუდუნს. ამას რო სახეზე სიწითლე სილურჯეში გადასდიოდა, ჩამოდიოდა ორი-სამი ტერციით დაბლა. მერე სხვა ხდებოდა პირველი ხმა და დანარჩენი ორი ბანის მიმცემები.
მე მქონდა დრო და არ მქონდა საქმე. ამათგან ათიოდე ნაბიჯის მოშორებით ვიჯექი ღია კაფეში, ვყლუპავდი ყავას და რადგანაც იმ დღეს მეხუთე ფინჯანი იყო, მაღალი წნევის მკლავებში ვირწეოდი. [დავაკვირდი: უცხოტომელი რომ ესპანეთში ყავას უკვეთავს, რამენაირად თავს უნდა მოერიოს და ესპანურად მოაკვარახჭინოს სათქმელი. აი, მაგალითად „ვან ქოfი ამერიკანო“ რომ უთხრა, მოგიტანენ ჩვეულებრივ ყავას, ბებიაჩემი რომ წყალწყალას ეძახდა. მაგრამ თუ გაიქაჩე და სთქვი „უნაკაfე ამერიკანო“, სულ სხვანაირს და სხვა გულით მოგართმევენ. მოსწონთ რომ ცდილობ, გიღიმიან და გიფასებენ. თუმცა ალბათ ყველგან ეგრეა].
და რადგანაც მე თავი გამოვიდე და კაfe ამერიკანო შევუკვეთე, ვხრუპავდი გულით მორთმეულ, სანაქებო ყავას, ალბათ კოსტა-რიკას პლანტაციებზე მოყვანილს და გავცქეროდი სეირს. წნევა ისევ თამაშობდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სადავო თემა იყო ფეხბურთი. აბა სხვა რაზე უნდა ეკამათა ამ ფორმებში გამოწყობილ სამ ყმაწვილს გაგანია სეზონის დასაწყისში, როცა ჯერ ყველას აქვს უფლება გარდიგარდმო მიმოფანტოს პროგნოზები.
ისევ ვიღაცებს მაგონებდნენ. ისევ ვერ ვიხსენებდი.
გახურდა კამათი. ვცდილობ ამოვირჩიო ვისკენ ვარ, მაგრამ ვერც იმას ვხვდები რატომ უნდა ვიყო რომელიმესკენ ბავარიის გულშემატკივარი კაცი. [ აქ ერთმა მითხრა, რომ მადრიდელებში რეალის გულშემატკივრობა პაპსა საქმეაო. ახალგაზრდები და ჰიფსტერები ატლეტიკოსკენ არიანო. მერე გაიცინა. ჰიპსტერობა იქით იყოს და ეგ უფრო ბილეთების ფასის გამოაო. რეალისა ძვირი ღირს და ატლეტიკოს თამაშებზე კიდევ მიაწვდენ კაცი ხელსო. „მაგრამ ეგეც ძვირდება ბოლო დროს“ - დაიჩივლა. ჰოდა გადავწყვიტე ნეიტრალური დამკვირვებელი ვყოფილიყავი.
პოზიციები, რა გასაკვირია, ელ კლასიკოელებს უფრო მყარი ჰქონდათ. რეალი პირველზეა, 12 ქულა აქვს, მაგრამ ბარსელონას სუნთქვას გრძნობს კისერში. ატლეტიკო 5 ქულითაა და მეტერთმეტე ადგილზეა. სამაგიეროდ არავისთან იყოფს და ჰიფსტერებიც მაგის მხარეს არიან. თუ როგორც არის.
წნევა იწევს ჩემს თავშიც და კამათშიც. ვითარება იძაბება. ყმაწვილებმა ხელები მოიმარჯვეს. მეთქი ეს რანაირი ჩხუბია. თუ დარტყმა გინდა ეგეთი პომპეზურობა რათ უნდა. ოლხოვსკი ხარ შე მშობელგანათლებულო ეტლებს ეჟვნები რო შეაბა? ტუკოს სიტყვები მომაგონდა. აბაზანაში ჩაწოლილს მტერი რომ წამოადგება თავზე, გახსოვთ? ის ელაპარაკება და ეს კიდევ ქაფში ჩამალული რევოლვერიდან ესვრის.
ჰოდა მაშინ მივხვდი, ვისაც მაგონებდნენ: ვესტერნის ტიპები იყვნენ -კარგი, ცუდი და ბოროტი. სერჯიო ლეონეს ბიჭები. კლინტ ისტვუდი, ელი უოლაჰი და ლი ვან კლიფი. ბლონდი, ტუკო და ანგელოზისთვალება. იდგნენ და ემზადებოდნენ.
ველური დასავლეთის კოშკურაზე დაყენებული საათი ეკლდა იქაურობას და ნაღდი მექსიკური (უფრო სწორად ესპანური) ჩიხი იყო.
წამიერად დადუმდნენ და...
დაიწყეს ჯეირანის თამაში.
მოიგო ატლეტიკომ.
გაიყვეს ფული, რაზეც კამათობდნენ თურმე და გაუდგნენ გზას.
დუელი შედგა. ოღონდ თავისებური.
გუშინაც იმავე ადგილას შემხვდნენ. ისევ კამათობდნენ, მაგრამ ისე ცხარედ აღარ. არც ფორმები ეცვათ. სამოქალაქო ტანისამოსში იყვნენ. არც მე დამილევია ყავა.
და მაინც, ვინ მოიგებს ლა ლიგას?