ლა ლიგის მე-15 ტურში ბეტისმა ბენიტო ვილამარინზე ბარსელონა მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-6 წუთზე მასპინძლები ანტონიმ დააწინაურა, თუმცა მალევე სტუმრებმა 2 გოლის გატანა მოახერხეს.
მე-11 და მე-13 წუთებზე ფერან ტორესმა დუბლი შეასრულა და ბარსელონა წინ გაიყვანა. 31-ე წუთზე კატალონიელთა ახალგაზრდა შვედმა შემტევმა, რონი ბარდღჯიმ სხვაობა ორამდე გაზარდა და ბლაუგრანას რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.
მე-40 წუთზე ფერან ტორესმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ჰეთ-თრიქი შეასრულა, ფლიკის გუნდმა კი პირველი ტაიმი 1-4 მოიგო.
59-ე წუთზე ბეტისის კარში VAR-ის გადამოწმების შემდეგ ხელით თამაშის გამო პენალტი დაინიშნა, რომელიც ლამინ იამალმა შეასრულა ზუსტად.
4-ბურთიანი სხვაობის მიუხედავად, ბეტისმა მატჩის ბოლოს მაინც გაიბრძოლა და 2 გოლიც გაიტანა. 85-ე წუთზე დიეგო ლიორენტემ გაქვითა ერთი ბურთი, 90-ე წუთზე კი კუჩო ერნანდესმა პენალტით საბოლოო ანგარიში (3-5) დააფიქსირა.
ბარსელონას ამ გამარჯვების შემდეგ 40 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგის ლაივ ცხრილს 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს. რეალი ხვალ სანტიაგო ბერნაბეუზე სელტას დაუპირისპირდება.
ფერან ტორესს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა, თუმცა კილიან მბაპეს ჯერ კიდევ 5 გოლით ჩამორჩება.