ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა და მწვრთნელმა, ჩავიმ, კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი ფავორიტი ოფიციალურად აირჩია.
ლეგენდარული ესპანელი ვიქტორ ფონტის საარჩევნო შტაბს ეწვია და მას მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა.
ჩავი წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მეუღლესთან და მშობლებთან ერთად მივიდა. მათ ყველამ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რომელიც ვიქტორ ფონტის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას ითვალისწინებს.
საპრეზიდენტო რბოლის წესები:იმისათვის, რომ კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღოს, მან მომავალ ორშაბათამდე მინიმუმ 2 337 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს. ჩავის მხარდაჭერა ფონტისთვის უდიდესი სტიმულია, რადგან ყოფილ მწვრთნელს კლუბის წევრებსა და გულშემატკივრებს შორის უდიდესი გავლენა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ფონტი ჯერ კიდევ წინა არჩევნების დროს განიხილავდა ჩავის თავისი პროექტის მთავარ საყრდენად, თუმცა მაშინ გამარჯვება ჟოან ლაპორტამ მოიპოვა.
ბარსელონაში არჩევნები 15 მარტს გაიმართება.