ლა ლიგის მე-15 ტურში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა.
სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ მატჩში მადრიდის რეალი სელტასთან 0:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა, თუმცა რეალისთვის ერთი ცუდი რამ ედერ მილიტაოს ტრავმა გახდა, რომელიც 24-ე წუთზე დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.
ვიგოელები 53-ე წუთზე სვერბერგის გოლით დაწინაურდნენ, რომელიც მეორე ნახევრის სტარტზე გამოჩნდა მოედანზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად.
რეალის სიტუაცია 64-ე წუთზე დამძიმდა, როცა ფრან გარსიამ 2 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და რეალი კაცნაკლული დატოვა.
დარჩენილ დროში ათკაციანი რეალი სიტუაციის გამოსასწორებლად გაიქცა, თუმცა ვერაფერს გახდა. 90+2 წუთზე მიყოლებით ორი ყვითელი ალვარო კარერასმა მიიღო და მადრიდელებმა მატჩი სულაც 9 კაცით დაასრულეს.
კომპენსირებულ მესამე წუთზე სვერბერგმა დუბლიც შეასრულა და სელტას ბერნაბეუზე 2006 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოუტანა.
რეალმა კი ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ დაკარგა ქულები, 36 ქულა დარჩა და ლიდერ ბარსელონას, რომელსაც სულ ახლახანს 5 ქულით უსწრებდა, უკვე 4 ქულით ჩამორჩება.