ესპანური სპორტული გამოცემა AS ქართველი მებრძოლების, მერაბ დვალიშვილისა და მისი მეგობრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის.
როგორც AS წერს, ვისაც ნამდვილი მეგობარი ჰყავს, მას უდიდესი განძი აქვს, მერაბ დვალიშვილისთვის კი ეს განძი 21 წლის საბა ლაზიშვილი აღმოჩნდა. აბუ დაბიში ინტერვიუს დროს, როცა მერაბს ზურგიდან უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები 9 პირი დაესხნენ თავს, საბა დაუფიქრებლად ჩაერთო უთანასწორო ბრძოლაში მეგობრის დასაცავად.
საბა, რომელიც UFC-ის ყოფილი მებრძოლის, ზვიად ლაზიშვილის ძმაა, უკან არ დაუხევია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები 10 თავდამსხმელის პირისპირ მარტონი აღმოჩნდნენ, ესპანური მედია ხაზს უსვამს, რომ საბა არა მხოლოდ უსმან და უმარ ნურმაგომედოვებს დაუპირისპირდა, არამედ თავდამსხმელთა ჯგუფიდან ორი ადამიანი მუშტებით ძირსაც კი დასცა.
"ჩემი ახალგაზრდა მეგობარი მხოლოდ 21 წლისაა. ის ორივეს, უსმანსა და უმარს ეჩხუბა," - ციტირებს AS მერაბის სიტყვებს.
მართალია, ორივე ქართველს სახეზე ჩხუბის კვალი ეტყობოდა, თუმცა 10 კაცთან დაპირისპირების კვალობაზე, მათ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინეს. როგორც მერაბი ყვება, საბამ მას ხუმრობით უთხრა: "თუ ეს არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც ამ ორ ტიპს შეუძლია ჩემთვის, ალბათ დროა MMA-ში გადავიდე".
ესპანური გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ მომხდარს MMA-ის სამყაროში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ილია თოფურიამ მეგობარზე ლაჩრული თავდასხმა მკაცრად დაგმო. ქართველებს მხარი დაუჭირეს შონ სტრიკლენდმა და შონ ომალიმაც, რომელმაც საბას სიმამაცე საჯაროდ შეაქო. ნურმაგომედოვების მხარე მხოლოდ ისლამ მახაჩევმა დაიჭირა.
AS-ის სტატიის თანახმად, გულშემატკივრებისა და მებრძოლების აბსოლუტური უმრავლესობა ქართველების მხარესაა. სოციალური ქსელები საბას მხარდამჭერი პოსტებითა და მიმებით აჭრელდა, თავად ახალგაზრდა ქართველმა კი სულ რაღაც ორ დღეში 500 000-ზე მეტი გამომწერი შეიძინა და როგორც ესპანელები წერენ - ხალხის ახალ გმირად იქცა.