აბუ-დაბის სისხლის სამართლის სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და დამნაშავედ ცნო 10 პირი, რომლებიც სასტუმროში მომხდარ მასობრივ ჩხუბში, ინციდენტის ვიდეოგადაღებასა და არეულობის გამოწვევაში მონაწილეობდნენ. დაპირისპირება მათ შორის მანამდე არსებული უთანხმოების გამო დაიწყო.
სასამართლომ 6 ბრალდებულს (ნურმაგომედოვების გუნდი) 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა და თითოეული 300 000 დირჰამით (არაბთა გაერთიანებული საამიროების ვალუტა) დააჯარიმა. მათ სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაციაც დაეკისრათ.
აღნიშნული პირები დამნაშავედ ცნეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში, პანიკის გამოწვევასა და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნაში.
სასამართლომ კიდევ 2 ბრალდებულს (მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი) თითოეულს 50 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მათ ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და ფიზიკური ძალადობა ედებოდათ.
მე-9 და მე-10 ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევაში, ასევე ინტერნეტის გამოყენებით დაპირისპირების ვიდეოგადაღებასა და კადრების გავრცელებაში.
ორივე მათგანს 6-თვიანი პატიმრობა და თითოეულს 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა. მათ სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაციაც დაეკისრათ.
გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხდა ინციდენტის გადასაღებად გამოყენებული მობილური ტელეფონების კონფისკაცია და ვიდეოჩანაწერების წაშლა.
აღნიშნული განაჩენი აბუ-დაბის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების საფუძველზე იქნა გამოტანილი. გამოძიება პოლიციის მიერ საქმის გადაცემის შემდეგ დაიწყო.
პოლიციამ მანამდე დააკავა როგორც უშუალოდ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, ისე კიდევ 2 ადამიანი, რომლებმაც ინციდენტი ვიდეოზე გადაიღეს და კადრები გაავრცელეს.
მათ მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები, რის შემდეგაც საქმე უფლებამოსილ სასამართლოს გადაეცა, რომელმაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
აბუ-დაბის სასამართლო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოქმედი კანონები და სამართლებრივი ნორმები მკაცრად იქნება გამოყენებული ნებისმიერი პირის მიმართ, რომლის ქმედებებიც საზოგადოებრივ უსაფრთხოებას არღვევს ან ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
უწყება ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცავი ორგანოები მტკიცედ არიან განწყობილი კანონდამრღვევთა დასასჯელად, კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად, საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად და საზოგადოების უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად.