ბრენდონ მორენო მიიჩნევს, რომ UFC 331-ის მთავარი ბრძოლა „ღამის საუკეთესო ბრძოლის“ ყველა წინაპირობას შეიცავს.
უმსუბუქესი წონის ჩემპიონი ჯოშუა ვანი (17-2 MMA, 10-1 UFC) ალექსანდრე პანტოჟას (30-6 MMA, 14-4 UFC) რევანშში დაუპირისპირდება. ბრძოლა კვირას, ლოს-ანჯელესში, UFC 331-ის მთავარი მოვლენა იქნება.
ვანმა პანტოჟას უმსუბუქესი წონის ჩემპიონის სტატუსი გასული წლის დეკემბერში, UFC 323-ზე ჩამოართვა. მაშინ მათი ბრძოლა მხოლოდ 26 წამს გაგრძელდა, ბრაზილიელმა მხარი დაიზიანა და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
მას შემდეგ ვანმა საჩემპიონო ქამრის დაცვაც მოასწრო, UFC 328-ზე ტაცურო ტაირა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
UFC-ის უმსუბუქესი წონის ყოფილი ჩემპიონი ბრენდონ მორენო, რომელსაც პანტოჟასთან სამივე ბრძოლა წაგებული აქვს, რევანშში ვანის გამარჯვებას ვარაუდობს.
ეს ბრძოლა ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ძალიან კარგი დაპირისპირება იქნება. პანტოჟა ჩემპიონი ტყუილად არ ყოფილა, მაგრამ არ ვიცი, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჯოშუა გაიმარჯვებს.
ცხადია, წინასწარ ვერაფერს გაიგებ. შესაძლოა, პანტოჟამ გამარჯვების გზა კვლავ იპოვოს. ის ყოველთვის ახერხებს რთული სიტუაციიდან გამოსვლას და გამარჯვებამდე მისვლას.
შეუძლია მეტოქის პარტერში გადაყვანა, კონტროლი და ყველაფერი დანარჩენი. ამიტომ არ ვიცი. ასეთი ბრძოლების დროს წინასწარ ვერაფერს იტყვი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჯოშუა გაიმარჯვებს“, - განაცხადა მორენომ „The Ariel Helwani Show“-ში.
მორენოს ასევე ჰკითხეს ვანის თავდაჯერებულობისა და იმ მოსაზრების შესახებ, რომ პანტოჟასთან რევანშის წინ ის ზედმეტად თავდაჯერებულად იქცევა.
„შესაძლოა, მაგრამ მესმის მისი. ახალგაზრდაა და ცხოვრებით სიამოვნებას იღებს. ძალიან მოკლე დროში ბევრი კარგი რამ გააკეთა, ამიტომ მისი მესმის.
მისი ბრძოლების ყურება სახალისოა და თვითონაც საინტერესო ბიჭია“, - თქვა მორენომ.
ნინძას დაბრუნება და სატიტულო ბრძოლა - ყველაფერი UFC 331-ის შესახებ