მაროკოელი ვარსკვლავის, აშრაფ ჰაკიმის გარშემო აჟიოტაჟი არ ცხრება.
ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულის დამარცხების (2:0) შემდეგ, პსჟ-ს მცველმა როგორც აფრიკის თასის სკანდალურ ფინალზე, ისე მერსისაიდელებთან მოპოვებულ უპირატესობაზე ისაუბრა.
აფრიკის თასის ფინალი მაროკოსა და სენეგალს შორის კვლავ სამართლებრივი დავის საგანია. სენეგალმა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) შეიტანა სარჩელი იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლითაც ჩემპიონობა მაროკოს მიეკუთვნა. ჰაკიმიმ Movistar-თან ინტერვიუში გაიხსენა ე.წ. „პირსახოცის ინციდენტი“, როცა მაროკოელები სენეგალელთა მეკარისთვის, ედუარ მენდისთვის პირსახოცის წართმევას ცდილობდნენ.
„რთული მომენტები იყო, სტადიონზე დიდი დაძაბულობა სუფევდა. არ ვამაყობ იმ სურათით, რაც პირსახოცის ინციდენტის გამო დავტოვეთ, თუმცა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა. ჩვენ მეტოქესაც ვცემდით პატივს და ტურნირსაც,“ - აღნიშნა ჰაკიმიმ. მან მხარი დაუჭირა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებას და დაამატა, რომ ტიტულს იმსახურებენ, რადგან მოედნის იმ ფორმით დატოვება, როგორც ეს სენეგალმა გააკეთა, დაუშვებელია.
რაც შეეხება ლივერპულთან მატჩს, ჰაკიმიმ ლუის ენრიკეს მსგავსად უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სხვაობა მხოლოდ ორი გოლია. „იმ მომენტების შემდეგ, რაც შევქმენით, გარკვეულ იმედგაცრუებას გრძნობ, რომ მეტი ვერ გაიტანე. თუმცა, გუნდის გამოსვლით კმაყოფილები ვართ. როცა ჰგონიათ, რომ პსჟ-ს დრო ამოიწურა, სწორედ მაშინ ვართ საუკეთესო ფორმაში,“ - განაცხადა მან.
პარიზელთა კაპიტანმა თანაგუნდელები ენფილდზე მოსალოდნელი საფრთხის შესახებაც გააფრთხილა: „ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება. ენფილდი ძალიან რთული სტადიონია. კონცენტრაციის უმაღლესი დონე გვჭირდება და არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე მოთავებულია. იქ მოსაგებად უნდა წავიდეთ.“